სტაფილოს უგემრიელესი სალათა – მარტივად მოსამზადებელი და სასარგებლო
სტაფილოს ეს სალათა შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ – არ მოგწყინდებათ და ძირითადი კერძების შესანიშნავი შემავსებელია. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია და თან წარმოუდგენლად სასარგებლო, ძალიან მარტივი მოსამზადებელიც არის. თუ მარხვას ინახავთ, მაშინ ხომ თქვენთვის ნამდვილად მისწრებაა ეს კერძი. სხვათა შორის, ამტკიცებენ, რომ ეს სალათა ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს უზრუნველყოფს. და კიდევ: მნიშვნელოვანია, რომ კვებისას ჯერ სალათა მიირთვათ, შემდეგ ცილის შემცველი საკვები და ბოლოს – სახამებლის შემცველი, რომელიც ნახშირწყლების ძირითადი წყაროა. ამგვარად სისხლში შაქრის დონეს დაარეგულირებთ და არაჯანსაღი შიმშილის გრძნობაც აღარ შეგაწუხებთ.
სტაფილოს ჯადოსნური სალათისთვის დაგჭირდებათ:
2 ცალი მოზრდილი სტაფილო;
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ან მზესუმზირას, სიმინდის, რომელიც გაქვთ);
1-2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი (თქვენი გემოვნებით);
შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
სტაფილო კარგად გარეცხეთ, კანი გააცალეთ და დათალეთ კარტოფილის სათლელით თხელ ფურცლებად, როგორც ფოტოზეა (მსხვილ სახეხზე გახეხვაც შეგიძლიათ, მაგრამ კარტოფილის სათლელით თხელ ფურცლებად დათლილი უფრო გემრიელი გამოდის).
მოათავსეთ თასში, დაასხით ზეთი, ვაშლის ძმარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით.
მეორე ვერსია:
შეგიძლიათ 3-4 ღერო დაჭრილი ნედლი ქინძი და 1-2 პატარა კბილი დაჭრილი ნიორიც აურიოთ – თუ ქინძით და ნივრით გირჩევნიათ. არაჟანიც ძალიან უხდება, ქალებისთვის სტაფილო არაჟნით განსაკუთრებით სასარგებლოა.
ახალ კი თავად სტაფილოს შესახებ ინფორმაცია, რომლის ცოდნაც ძალიან გამოგადგებათ:
სტაფილო, მოგეხსენებათ, ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რადგან ვიტამინების წყაროა. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი ორგანიზმში მოხვედრისას A ვიტამინად გარდაიქმნება. სტაფილო მდიდარია В, Е, РР, К და C (ასკორბინის მჟავა) ვიტამინებითაც.
მის შემადგენლობაშია ორგანიზმისთვის საჭირო მინერალები: კალიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, იოდი, თუთია, ქრომი, ნიკელი და ფთორი.
სტაფილოს თესლი უნიკალური სასარგებლო თვისებების მქონე ეთერზეთებს შეიცავს.
მედიცინაში სტაფილოს იყენებენ ვიტამინების ნაკლებობის, მათ შორის, ავიტამინოზის დროს.
სტაფილოს სასარგებლო თვისებები
1. ჯანსაღი გული და სისხლძარღვები
ქოლესტერინის მომატებული დონე გულის სერიოზული პათოლოგიების მთავარი მიზეზია, ხოლო სტაფილოს რეგულარული მოხმარება ხელს შეუწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ინსულტი და ინფარქტი. სტაფილო არის კალიუმის მდიდარი წყარო, კალიუმი კი ვაზოდილატატორია ანუ სისხლძარღვებს აფართოებს, რის შედეგადაც მცირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა. სტაფილოში გვხვდება, აგრეთვე, კიდევ ერთი გულისთვის სასარგებლო ნივთიერება – კუმარინი, რომელიც ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას და გულის ჯანმრთელობის დაცვას.
სტაფილოს აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სტაფილო შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობას და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
3. საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება
სტაფილო, ისევე როგორც ბოსტნეულის უმეტესობა, შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და უხეშ ბოჭკოებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია ჯანსაღი საჭმლის მონელების შესანარჩუნებლად. ბოჭკო ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას და კუჭის წვენის გამოყოფას. მთლიანობაში სტაფილო ამცირებს ყაბზობის რისკს და იცავს ნაწლავებსა და კუჭს სხვადასხვა სერიოზული დაავადებისგან, მათ შორის, კოლორექტული კიბოსგან. სტაფილოს იყენებენ ჭიების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბავშვებში.
4. კიბოს განვითარების პრევენცია
სტაფილოში შემავალ ბეტა-კაროტინს კიბოს გარკვეული ფორმების, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს განვითარების რისკს შემცირება შეუძლია. ცალკეული კვლევა აჩვენებს, რომ ბოჭკოთი მდიდარი ბოსტნეულის მიღება, როგორიცაა სტაფილო, 24%-ით ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც უმ სტაფილოს მიირთმევენ, 5-8-ჯერ ნაკლებია ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, ვიდრე ქალებში, რომლებიც სტაფილოს „არ სწყალობენ“.
5. ჯანმრთელი თვალები
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყველაზე მეტ სტაფილოს მიირთმევდნენ, ასაკთან ერთად მაკულარული დეგენერაციისა და ღამის სიბრმავის განვითარების რისკი 40%-ით შემცირდა. საქმე ეხება ბეტა-კაროტინის სამკურნალო ძალას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას ფერმენტული რეაქციის შედეგად A ვიტამინად გარდაიქმნება, ეს უკანასკნელი კი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე.
6. ჯანსაღი კბილები და ღრძილები
სტაფილოში შემავალი ორგანული ნაერთები შესანიშნავი მინერალური ანტიოქსიდანტებია. სტაფილოს ჭამა ღრძილებს ასტიმულირებს და ჭარბ ნერწყვდენას იწვევს, რაც ხელს უწყობს ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც კარიესს, ჰალიტოზს და სხვა დაავადებებს იწვევს. სტაფილო ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ბუნებრივი აბრაზიული საშუალება, რომელიც ჭამის შემდეგ კბილების კარგად გაწმენდაში დაგეხმარებათ.
7. სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება
კაროტინოიდების წყალობით, სტაფილო კარგად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, რითაც დიაბეტის მქონე ადამიანებს ეხმარება, რომ სრულფასოვანი, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ.
8. ჯანსაღი კანი
სტაფილოს აქვს ძლიერი გამწმენდი თვისებები, რაც ძალზე შედეგიანია აკნესა და კანის ანთების სამკურნალოდ. გარდა ამისა, სტაფილო სასარგებლოა გაუფერულების გამო კანის არათანაბარი ტონის წინააღმდეგ საბრძოლველად . A ვიტამინი სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად ეფექტურად კვებავს და ატენიანებს კანს.
9. ჭრილობის შეხორცება
სტაფილო ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, ამიტომ მას აქტიურად იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად.
10. ჯანსაღი პროსტატის ჯირკვალი
გადიდებული პროსტატა – წინამდებარე ჯირკვლის გადიდება საკმაოდ გავრცელებულია 30 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში. სტაფილო ხელს უშლის დაავადების დაწყებას ან ამცირებს დაავადების უსიამოვნო სიმპტომებს, რაც მასში შემავალი ბეტა-კაროტინის დამსახურებაა.
11. დახმარება დიარეის წინააღმდეგ
სტაფილოს წვენი მართლაც შესანიშნავი ხალხური საშუალებაა დიარეის სამკურნალოდ, ძირითადად იმიტომ, რომ ამშვიდებს ნაწლავებს და, ასევე, აფერხებს ბაქტერიების ზრდას. გარდა ამისა, ეს მართლაც შესანიშნავი გზაა პექტინის მისაღებად, რომელიც ნაწლავებს ფარავს და გაღიზიანებას ხსნის.
სტაფილოს და მის წვენს აქვს ნაღველმდენი და გამწმენდი ეფექტი, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
13. ჯანსაღი ორსულობა და მშობიარობა
ზომიერი რაოდენობით სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა ორსული და მეძუძური ქალებისთვის – მისი გამოყენება შესაძლებელია დედის რძის ბიოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად აქტიური მიკროელემენტებით გაჯერებით, რაც ხელს უწყობს ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებას.
სტაფილო საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია, მისი კალორიული შემცველობაა 35 კკალ, ამიტომ სტაფილო თამამად შეიძლება შეიტანონ რაციონში იმ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთ წონას აკონტროლებენ.
როგორ უნდა შეარჩიოთ სტაფილო
სტაფილოს არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სიმწიფესა და ხარისხს. ფერი ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს.
რომელი სტაფილო უნდა იყიდოთ:
ბევრი ბოსტნეულისა და ხილისგან განსხვავებით, რომელთა ვიზუალური მიმზიდველობა შესაძლოა ნიტრატების არსებობის ნიშანი იყოს, სტაფილო, უპირველესად, მისი სილამაზითა და სიკაშკაშით (რაც უფრო მკვეთრი ფერისაა ეს ბოსტნეული, მით უფრო სასარგებლო ვიტამინებია მასში).
სტაფილოს ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და თავისუფალი დაზიანებისა და ნახეთქებისგან, არ უნდა იყოს დეფორმირებული;
სტაფილო უნდა იყოს მაგარი;
გარეცხილ და გაურეცხავ სტაფილოს შორის განსხვავება არ არის, მაგრამ გარეცხილი სტაფილო გაურეცხავზე ნაკლები ვადით ინახება.
რომელი სტაფილო არ უნდა იყიდოთ:
დაზიანებულ ან ძალზე დეფორმირებულ სტაფილოს შესაძლოა გემო შეცვლილი ჰქონდეს;
მუქი ლაქები ან წერტილები სტაფილოზე შეიძლება ლპობის პროცესის დაწყების ნიშნები იყოს;
თუ გაჭრისას ძირხვენის შუა ნაწილი (გული) მკვეთრად განსხვავდება კონტრასტით კანთან უფრო ახლოს მდებარე ნაწილისგან, ეს ნიშნავს, რომ სტაფილო დიდი რაოდენობით ქიმიკატების გამოყენებით მოიყვანეს; თუ მაინც იყიდით ასეთ სტაფილოს, მაშინ გული ამოაცალეთ და გადააგდეთ, რადგან სტაფილოში ნიტრატები სწორედ გულში გროვდება;
მწვანე ლაქების მქონე სტაფილო არ არის კარგად შემოსული ან ბოსტნეული დიდხანს იყო მზეზე (ასეთ სტაფილოს შეიძლება მწარე გემო ჰქონდეს);
თუ სტაფილოს ზედაპირი რბილია ან თითის დაჭერისას ჩაღრმავება ჩნდება, მაშინ, სავარაუდოდ, სტაფილოს შიგნით ლპობის პროცესები უკვე დაწყებულია;
თუ სტაფილოს ზედაპირზე ბევრი ნახეთქია, მაშინ ის შიგნით შეიძლება გაფუჭებული იყოს;
თუ სტაფილოს ზედაპირი სველია და თითქოს ცხიმითაა დაფარული, მაშინ მისი ყიდვა არ არის რეკომენდებული (მოსავალი ან გაფუჭებულია, ან ქიმიკატებით დაამუშავეს);
თუ სტაფილოს ძირხვენაზე აშკარად ჩანს შავი თხელი ზოლები, მაშინ სტაფილო მავნებლებისგანაა დაზიანებული (მათი ჭამა შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის);
თუ სტაფილოს ფოჩებსა და ძირხვენას შორის მწვანე არე 1 სმ-ს აღემატება, მაშინ ბოსტნეული არ არის კარგად შემოსული (ყავისფერი ელფერი მწვანის ნაცვლად მიუთითებს იმაზე, რომ ძირხვენები ინახება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ან გადამწიფებულია);
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყიდოთ სტაფილო მღრღნელების ან მწერების დაზიანების აშკარა ნიშნებით;
მომჭკნარი სტაფილო გემოთი სრულიად განსხვავდება სტანდარტული ახალი სტაფილოსგან, მასში, პრაქტიკულად, არ არის წვენი და კონსისტენციით მაგარია და არა ხრაშუნა.
ითვლება, რომ სტაფილო, რომლის წონა არ აღემატება 150 გ-ს, ყველაზე გემრიელი და წვნიანია. გარდა ამისა, მაშინაც კი, როცა მისი მოყვანისას ნიტრატები გამოიყენება, 150 გ-მდე გაზრდის შემთხვევაში ძირხვენას არ აქვს დრო, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის მავნე ნივთიერებები შეიწოვოს.
თუ სტაფილოს სალათებისთვის ყიდულობთ, მაშინ უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ ღია ფერის ძირხვენებს. პირველი ან მეორე კერძებისთვის, ისევე როგორც წვენისთვის, უმჯობესია შეიძინოთ მკვეთრი და ინტენსიური ფერის სტაფილო. წვნიანი ძირხვენის ამოცნობა შესაძლებელია სტაფილოს ზედაპირზე ფრჩხილით მსუბუქად გასმით. თუ სტაფილო გვარიანად წვნიანია, წვენი მაშინვე გამოიყოფა. მომჭკნარ სტაფილოზე ამგვარი ექსპერიმენტი არ გამოვა და მასში წვენიც მინიმალური რაოდენობით იქნება.
თამარ ქავჟარაძე
მსგავს თემაზე: სტაფილოს ტორტი – გემრიელი და სასარგებლო დესერტი
კომენტარები