Euronews-მა, Mercer CFA Institute-ის ანგარიშზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნებში არსებული საპენსიო სისტემები შეადარა. გარდა ამისა, თითოეული სისტემის მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლზეც გაამახვილა ყურადღება.
Mercer CFA Institute-ის ბოლო გლობალური ანგარიშის მიხედვით, ნიდერლანდები საპენსიო სისტემით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. რეიტინგი 50-ზე მეტ ინდიკატორზეა დაფუძნებული და ერთმანეთს 47 საპენსიო სისტემას ადარებს, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 64%-ს მოიცავს.
სიის შედგენისას ინსტიტუტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნების კერძო და საჯარო სექტორის საპენსიო შეღავათების დონეს, სისტემის მდგრადობას მომავალი ათწლეულების განმავლობაში და მისი მართვის ხარისხს.
როგორც Mercer CFA Institute-ის ანალიზმა აჩვენა, მსოფლიოში საუკეთესო საპენსიო სისტემის მქონე ქვეყნებს შორის ევროპული სახელმწიფოები ლიდერობენ. ნიდერლანდების შემდეგ, მეორე და მესამე ადგილს, შესაბამისად, ისლანდია და დანია იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ინდექსში ისლანდია პირველ ადგილზე იყო წარმოდგენილი, დანია კი მეორე პოზიციას იკავებდა. თუმცა 2023 წლის ინდექსში სამივე მათგანი A შეფასებას იმსახურებს, განსხვავება მხოლოდ ქულებშია: ნიდერლანდებს 85 ქულა აქვს, ისლანდიას – 83.5, ხოლო დანიას – 81.3.
ანგარიშში შეტანილი ევროპული ქვეყნების უმეტესობამ დადებითი შედეგი აჩვენა. ამას ისიც ადასტურებს, რომ Mercer CFA Institute-ის გლობალური რეიტინგის ტოპ-10-ში ამ კონტინენტიდან შვიდი სახელმწიფო მოხვდა. A შეფასების მისაღებად ფინეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ირლანდიაში, ბელგიაში, პორტუგალიასა და გერმანიაში არსებულ საპენსიო სისტემებში მხოლოდ მცირე გაუმჯობესებაა საჭირო. ამ ეტაპზე ეს სახელმწიფოები B და B+ შეფასებებს იმსახურებენ.
თუმცა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ავსტრიასა და ხორვატიას, აშშ-სთან ერთად, აქვთ დიდი რისკები და/ან ხარვეზები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს.
აქვე გეტყვით, რომ გლობალური რეიტინგის ბოლო პოზიციებს ინდოეთი, ფილიპინები და არგენტინა იკავებს. თურქეთთან და ტაილანდთან ერთად, ისინი ყველაზე ცუდ, D შეფასებას იმსახურებენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყნებში არსებობს სერიოზული ეჭვები ადგილობრივი საპენსიო სისტემების ეფექტიანობასა და მდგრადობასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „საპენსიო სისტემები მთელ მსოფლიოში ზეწოლის ქვეშაა, როგორც არასდროს“. ამას განაპირობებს ინფლაცია, მზარდი საპროცენტო განაკვეთები და გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და ა.შ. გარდა ამისა, შეინიშნება მოსახლეობის საშუალო ასაკის ზრდა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი უფრო მომწიფებული ბაზრების შემთხვევაშია.
„ინფლაციამ და მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა შექმნა ბაზრის ახალი დინამიკა, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის საპენსიო გეგმებს,“- აღნიშნულია მოხსენებაში. „ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მზარდი კომპლექსური გამოწვევებიდან, რომლებსაც საპენსიო ფონდები აწყდებიან, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პენსიონერებზე“.
ამგვარ მოცემულობაში საინტერესოა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საპენსიო სისტემებზე. მოხსენებაში ამ კუთხით რიგი დადებითი პროგნოზებია გამოთქმული – მასზე დაყრდნობით, AI-მ ხარჯების შემცირება და მომავალი რისკების თავიდან არიდება უნდა უზრუნველყოს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება მორგებული პორტფელების შექმნისა და ბაზრის ანომალიების იდენტიფიცირებისთვის, თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ბაზრის დინამიკის ზუსტი პროგნოზირება შეძლოს.
დადებით მხარეებთან ერთად, ანგარიშში იმ რისკებზეცაა ყურადღება გამახვილებული, რომლებიც შესაძლოა ხელოვნურმა ინტელექტმა გამოიწვიოს. მათ შორის სახელდება AI-ს მიერ შეგროვებული ინფორმაციით პენსიონერებზე კიბერშეტევების რისკის ზრდა.
forbes.ge
ამავე თემაზე: ევროპის საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად
კომენტარები