აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას ლას-ვეგასში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას შეკრებილებს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს, არადა მიტერანი თითქმის 30 წლის გარდაცვლილია. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ წერს.
ბაიდენმა ლას-ვეგასში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე 2021 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში გამართულ G7-ის სამიტზე თავისი საუბარი გაიხსენა:
„არჩევისთანავე მივედი „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე სამხრეთ ინგლისში. მე დავჯექი და ვთქვი: „ამერიკა დაბრუნდა!“ და მიტერანმა გერმანიიდან – ვგულისხმობ საფრანგეთს – შემომხედა და მითხრა…“
აქ ბაიდენმა, როგორც ჩანს, გონება მოიკრიბა და დაასრულა „მიტერანის“ (ანუ მაკრონის) პასუხი:
„აბა, რამდენი ხნით დაბრუნდი?“
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს მიტერანის ნაცვლად მაკრონი უნდა ეთქვა და აერია. ასეთი იაღლიშები მისთვის უცხო არ არის. გასული წლის ივნისში ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ომს აგებს ერაყში“ – მას მაშინ ერაყის ნაცვლად უკრაინა უნდა ეთქვა და მაშინაც აერია.
შეგახსენებთ, რომ ფრანსუა მიტერანი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 1981-დან 1995 წლამდე პერიოდში და 1996 წელს გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. იგი იყო საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული მოქმედი პრეზიდენტი.
ნანა ძნელაძე
კომენტარები