როგორ იპოვეს სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი TikTok-ზე – ქართველი ანოსა და ემის ამბავზე „ბიბისიმ“ ფილმი გადაიღო (ვიდეო)
ემი ხვიტია და ანო სართანია იმ ათასობით ახალშობილთა შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოში სამშობიაროებიდან მოიპარეს და გაყიდეს. ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – BBC-მ ქართველი ტყუპი დების, ემის და ანოს შესახებ სტატია და ფილმი გამოაქვეყნა.
ამაღელვებელი ისტორიაა, თუ როგორ აღმოაჩინეს დებმა ერთმანეთი TikTok-ზე და როგორ იპოვეს თავიანთი ბიოლოგიური დედა გერმანიაში.
გოგონები 12 წლის იყვნენ, როცა ემიმ ანო პირველად აღმოაჩინა. ემი ხვიტია სატელევიზიო შოუ „ნიჭიერს“ უყურებდა და შეამჩნია, რომ ერთ-ერთი კონკურსანტი მას ტყუპისცალივით ჰგავდა. მაშინ გოგონა პატარა იყო და ამ ეპიზოდს გაგრძელება არ მოჰყოლია.
იმ დღიდან 7 წლის შემდეგ ემიმ TikTok-ზე თავისი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცისფერი თმა ჰქონდა და პირსინგის გაკეთებას აპირებდა.
ვიდეო ანო სართანიას მეგობარმა ნახა და გოგონას გაუგზავნა. ანომ თქვა: „მაგარია, მე მგავს!“ ანო შეეცადა, ეპოვა პირსინგიანი გოგონა, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ ვიდეო უნივერსიტეტის WhatsApp-ის ჯგუფში გაავრცელა და დახმარება ითხოვა. ემის რომელიღაც ნაცნობმა ვიდეო ნახა და გოგონები ერთმანეთთან ფეისბუქით დააკავშირა.
სწორედ მაშინ გაახსენდა ემის „ნიჭიერში“ წლების წინათ ნანახი გოგონა და მაშინვე მიხვდა, რომ იგი ანო იყო.
მესინჯერში პირველი საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ გოგონები ერთმანეთს შეხვდნენ. „ეს სარკეში ჩახედვას ჰგავდა, ზუსტად იგივე სახე, იგივე ხმა, მე ვარ ის და ის არის მე“, – ამბობს ემი. მისი თქმით, იმ წუთიდანვე მიხვდა, რომ ტყუპისცალი იყო.
გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ოჯახებისთვის მოეთხოვათ, სიმართლე გაემხილათ. როგორც აღმოჩნდა, ისინი 2002 წელს იშვილეს რამდენიმე კვირის ინტერვალით, თუმცა არც ერთმა და არც მეორე ოჯახმა იცოდა, რომ მათი ნაშვილები გოგონა ტყუპისცალი იყო. თანხის ოდენობას, რაც მათ ბავშვების შვილობაში გადაიხადეს, ოჯახები არ ამხელენ. გოგონებს აინტერესებდათ, მათმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ისინი მოგების მიღების მიზნით გაყიდეს თუ არა და მათი ძებნა დაიწყეს.
ემიმ იპოვა ფეისბუქჯგუფი „ვეძებ“ და თავისი ამბის შესახებ დაწერა. გოგონებს ახალგაზრდა ქალი გამოეხმაურა გერმანიიდან და უთხრა, რომ დედამისმა 2002 წელს კირცხის სამშობიაროში ტყუპი გოგონა გააჩინა და მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, გოგონები გარდაიცვალნენო, ახლა ქალს ეჭვი ეპარებოდა ამაში.
დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტყუპს გამოეხმაურა, მათი და იყო. იგი დედასთან, აზასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.
გოგონებს ფსიქოლოგიურად გაუჭირდათ დედასთან შეხვედრის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ყოყმანისა და ორჭოფობის შემდეგ ეს შეხვედრა მაინც შედგა და მათაც მთავარი გაიგეს – დედას ისინი არ გაუყიდია. აზას თქმით, მშობიარობის შემდეგ იგი კომაში იყო, როცა გაიღვიძა, საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩვილები დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ.
ამავე თემაზე:
დაკავშირებულ თემაზე:
კომენტარები