ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ორშაბათს, 8 იანვარს სააგენტო DPA-მ გაავრცელა ინფორმაცია სპორტსმენის ოჯახზე დაყრდნობით. ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბეკენბაუერი მშვიდად აღესრულა 7 იანვარს ძილში ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ფრანც ბეკენბაუერს გერმანიაში „კაიზერ“ ფრანცს (კაიზერი გერმანულ ენაში იგივეა, რაც იმპერატორი – რედ.) უწოდებდნენ.
„ბეკენბაუერი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი იყო და ბევრისთვის „კაიზერი“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელ X-ში. – იგი ძალიან დაგვაკლდება. ვიზიარებ მისი მეგობრების და ოჯახის მწუხარებას“.
Weltmeister als Spieler und Trainer: Franz Beckenbauer war einer der größten Fußballer in Deutschland und für viele „der Kaiser“ – auch, weil er über Generationen für den deutschen Fußball begeistert hat. Er wird uns fehlen. Meine Gedanken sind bei seiner Familie und Freunden. pic.twitter.com/hSEWFfYk7R
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) January 8, 2024
ფრანც ბეკენბაუერი XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მან მიუნხენის „ბავარიაში“ გაატარა, ბუნდესლიგაში 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კი – 100-ზე მეტი.
ფრანც ბეკენბაუერი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში გერმანიის ნაკრებთან ერთად: 1974 წელს – როგორც მოთამაშე, 1990 წელს კი – როგორც მწვრთნელი. ამას გარდა, იგი ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელი (1972 და 1976 წწ.) და სამჯერ – ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. გერმანიაში ბეკენბაუერი ოთხჯერ დაასახელეს წლის ფეხბურთელად.
ბოლო წლებში იგი კლუბ „ბავარიის“ პრეზიდენტი იყო.
ფრანც ბეკენბაუერი დღემდე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როგორც გუნდის (გერმანიის ნაკრების) კაპიტანი და მოგვიანებით ისევ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, როგორც იმავე გუნდის მწვრთნელი.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები