ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰამასის მიერ გატაცებული გერმანელი ტურისტი გოგონა მოკლულია (ვიდეო)

ნაპოვნია შანი ლუკის თავის ქალის ნაწილი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ამბობს, რომ მათ ახალგაზრდა ქალს თავი მოჰკვეთეს

„დედა, არ ვიცი, სად დავიმალო, თავშესაფარს ვეძებ…“ – ეს სიტყვები უთხრა ბოლოს 22 წლის გერმანელმა ტურისტმა გოგონამ დედას, რომელსაც ჰამასის თავდასხმის დროს დაურეკა ისრაელის სამხრეთში, ღაზის საზღვრის სიახლოვეს მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიიდან. 7 ოქტომბერს იქ ჰამასის ბოევიკებმა ნამდვილი სისხლის კალო დაატრიალეს.

შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, როგორ გაიტაცეს თავდამსხმელებმა გონდაკარგული გოგონა, რომელიც დედამ ტატუირებებით ამოიცნო. რიკარდა ლუკმა მაშინ ვიდეო გაავრცელა, რომ თუ ვინმემ რამე იცოდა, ეცნობებინათ მისი შვილის ადგილსამყოფლის შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, თითქოს შანი ლუკი ღაზის საავადმყოფოში იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, თავის ტრავმის გამო.

30 ოქტომბერს კი ყველა იმედი ჩაქრა, როდესაც სიცოცხლის მოყვარე 22 წლის გოგონას ტრაგიკული გარდაცვალება დადასტურდა. ამის შესახებ გოგონას დედამაც განაცხადა, რომელსაც სამწუხარო ამბავი ისრაელელმა სამხედროებმა აცნობეს.

ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები – მისი დედა რიკარდა ტელევიზიით და და – ადი ინსტაგრამით შანის ტრაგიკულ დასასრულზე საუბრობენ: შანის ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი, თუმცა ისრაელის არმიამ თავდასხმის ადგილზე მისი თავის ქალის ძვალი იპოვა, რაც დნმ-ის ტესტის პასუხმა დაადასტურა. „ეს ნიშნავს, რომ ამ ბარბაროსმა და სადისტმა ცხოველებმა უბრალოდ, თავი მოკვეთეს მას, როდესაც თავს ესხმოდნენ [იქ მყოფ ადამიანებს], აწამებდნენ, კლავდნენ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა Bild-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა.

საშინელი დასასრულია, თუმცა დინამიკა და დეტალები, სინამდვილეში რა მოხდა, ჯერ ისევ დასადგენია. გოგონას, ერთი შეხედვით, უსულო სხეული, რომელიც დედამ ტატუირებებით ამოიცნო, გამოჩნდა ვიდეოზე, რომელიც ჰამასმა კიბუც რეიმში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მალევე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ ნახევრად შიშველი ახალგაზრდა ქალი სიცოცხლის ნიშანწყლის გარეშე პირქვე წევს პიკაპის ძარაზე, რომელიც ღაზის ქუჩებში მოძრაობს. ძარაზე რამდენიმე ბოევიკია, რომლებიც ფეხებით თელავენ გოგონას სხეულს. ერთ-ერთი მათგანი თმებს ითრევს და სისხლიან თავზე აფურთხებს. გარშემო აჟიტირებული ხალხი ყვირის: „ალაჰ აკბარ“, „დიდება ალაჰს“ – ოღონდ გაუგებარია, რატომ უნდა მოსწონდეს ალაჰს ასეთი მხეცური, არაადამიანური, ამაზრზენი საქციელი. შემდეგ პიკაპი მიქრის და შანის კვალიც იკარგება…

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ წევრები 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალ „სუპერნოვაზე“ ჩასულ სტუმრებს, ძირითადად, ახალგაზრდებს დაესხნენ თავს. ისრაელის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალის, სულ მცირე, 260 მონაწილე დაიღუპა – მათ შორის, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, ნაწილი კი ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს.

7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის  2500-მდე ბოევიკის თავდასხმის შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 230-მდე კი მძევლად არის აყვანილი, რომელთაგან უმეტესობა სამოქალაქო პირია.

30 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ერთი მძევალი ქალი – სამხედრო პირი გაათავისუფლა ჩატარებული ოპერაციის შედეგად.

4 სამოქალაქო მძევალი ქალი კი ჰამასმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

ნინო ხოშტარია

ვიდეო: შანი ლუკი მუსიკალურ ფესტივალზე ჰამასის თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close