ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის მსხვერპლი 31 ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე გახდა (ვიდეო)

საერთაშორისო მედია ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულ და დაკარგულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.  

ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ის მოქალაქეებს შორისაა, დაღუპულია, სულ ცოტა, 27 ამერიკელი. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის მოქალაქეები მძევალთა შორისაც არიან.

ოფიციალურად დადასტურებულია საფრანგეთის 11 მოქალაქის დაღუპვა, 18 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დადასტურებულია, აგრეთვე, სულ ცოტა, 4 ბრიტანელის გარდაცვალება, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17 ბრიტანელია დაკარგული ან დაღუპული, რაც ოფიციალურად არ დადასტურებულა.

გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მძევალთა შორის რამდენიმე გერმანელია, ხოლო 22 წლის გერმანელი ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობას მისი და ადასტურებს. მძევალთა შორის, სავარაუდოდ, არის 30 წლის გერმანელი ტურისტი (მას, ასევე, ისრაელის მოქალაქეობაც აქვს) შანი ლუკი, რომლის გატაცების ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. შანი ლუკის დედამ ვიდეოზე თავისი შვილი ამოიცნო და ასევე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომ თუ ვინმემ რამე იცოდა, ეცნობებინათ მისთვის შვილის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ახალგაზრდა ქალი არ დაღუპულა, ღაზის საავადმყოფოში იმყოფება მძიმე მდგომარეობაში და სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებს.

დაღუპულია 24 ტაილანდელი, 10 ნეპალელი, არგენტინა და უკრაინა 7-7 მოქალაქის დაღუპვას ადასტურებენ, რუსეთი და ჩილე – 4-4-ის, ავსტრია, ბელარუსი, კანადა, ჩინეთი, ფილიპინები, ბრაილია – 3-3-ის, პერუ, რუმინეთი – 2-2-ის; თითო მოქალაქე დაიღუპა ავსტრალიიდან, აზერბაიჯანიდან, კამბოჯიდან, ირლანდიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და პარაგვაიდან.

გატაცებულ მძევლებს შორის იმყოფებიან, აგრეთვე, რუსეთის, მექსიკის მოქალაქეები, დაკარგულად მიიჩნევიან იტალიის, პარაგვაის, შრი-ლანკის, ტანზანიის მოქალაქეები.

ვარაუდობენ, რომ ჰამასს 100-იდან 150 მოქალაქე ჰყავს მძევლად.

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის, დაკარგვის ან მძევლად აყვანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და არც საელჩოში შესულა.

მას შემდეგ, რაც ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მოქალაქეებისთვის ისრაელის მიერ მიცემული 24-საათიანი საევაკუაციო ვადა ამოიწურა, ისრაელმა გუშინ, 13 ოქტომბერს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. მათი თქმით, სახმელეთო ოპერაციის მიზანია ჰამასის მებრძოლების განადგურება და მძევლების გათავისუფლება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მცირე წერტილოვანი რეიდები განახორციელეს და საუბარი არ არის სრულმასშტაბიან შეტევაზე.

დღეს, ომის მე-8 დღეს ცახალმა (ისრაელის თავდაცვის არმია) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში საჰაერო დარტყმის შედეგად ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური მერად აბუ მერადი მოკლეს.

შაბათს, 14 ოქტომბერს ისრაელის არმიამ ისევ გამოაცხადა ჰუმანიტარული პაუზა ავიადარტყმების გარეშე 10-იდან 16 საათამდე, რათა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მაცხოვრებლებმა რეგიონის სამხრეთ ნაწილში გადასვლა შეძლონ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close