მსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სსრკ-ის დაშლის შემდეგ (რუკა)

ჩვენმა სტატიამ, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა და საბერძნეთის დემოგრაფიულ პრობლემებს ეხებოდა, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების მცირე მიმოხილვა წარმოგვედგინა.

უკვე მესამედი საუკუნე გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან, რაც საკმარისი დროა ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფოების განვითარების შესაფასებლად. ცხადია, თხუთმეტი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ბედი მრავალმა ფაქტორმა განსაზღვრა. გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორიული სიდიდე, სასარგებლო წიაღისეულის ფლობა და სახელმწიფოებრივი კულტურა აღნიშნული ფაქტორების მხოლოდ ნაწილია. დემოგრაფიაც მათ შორის არის.

მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემები ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და საიმედო მონაცემთა ბაზად ითვლება. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ბანკის საიტზე ნახოს დეტალური ინფორმაცია ნებისმიერ თემასა და ნებისმიერ ქვეყანაზე. მათ შორის არის დემოგრაფიული მონაცემებიც – დღევანდელი და ისტორიული. ამდენად, ჩვენი სტატია სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით დაიწერა. ერთმანეთს შევადარეთ დემოგრაფიული მონაცემები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1990 წელს და 2022 წელს, რათა გაგვერკვია, რამდენად მოიმატა ან შემცირდა აღნიშნული სახელმწიფოების მოსახლეობა.

როგორც ირკვევა, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბოლო 32 წლის მანძილზე მოსახლეობის ყველაზე დიდი  ზრდა ტაჯიკეთში დაფიქსირდა – ცენტრალური აზიის ამ ღარიბი ქვეყნის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა. უფრო ზუსტად, ტაჯიკეთის მოსახლეობა 84 პროცენტით გაიზარდა. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა უზბეკეთსა (+74%) და თურქმენეთში (+73%).

ცენტრალურ აზიაში გამონაკლისს წარმოადგენს ყაზახეთი, რომლის მოსახლეობა მხოლოდ 20 პროცენტით გაიზარდა და მას აზერბაიჯანმა აჯობა (+42%).

დანარჩენ სახელმწიფოებში მოსახლეობა არ იზრდება, პირიქით, კლებულობს. ამ თვალსაზრისით ყველაზე რთულ მდგომარეობაში ლატვიაა, რომლის მოსახლეობა თითქმის 30 პროცენტით შემცირდა. ლატვიის შემდეგ სიაში ადგილს იკავებენ: უკრაინა (-27% – თუმცა მიმდინარე ომის დემოგრაფიული შედეგები ჯერ კიდევ რთული დასადგენია), ლიეტუვა (-23%), საქართველო (-22%) და სომხეთი (-21%). ყველაზე მცირე კლება შეინიშნება რუსეთში (-3%).

მოსახლეობის შემცირებას ხშირად ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირებენ, თუმცა რეალურად ეს პრობლემა მრავალ ასპექტს მოიცავს, რომელთა ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს დღეს არსებული სიტუაცია. მაგალითად, ტაჯიკეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ღარიბია, თუმცა მისი მოსახლეობა ყველაზე მეტად იზრდება. მეორე მხრივ, ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად განვითარებადი ესტონეთის მოსახლეობა მოცემულ პერიოდში 14 პროცენტით შემცირდა.

 

აღნიშნული სტატიის მიზანს დემოგრაფიული პრობლემის დეტალური ანალიზი არ წარმოადგენს. ამისათვის შესაბამისი მეცნიერული კვლევების ჩატარებაა საჭირო, რასაც, ალბათ, კომპეტენტური სპეციალისტები აკეთებენ ან გააკეთებენ. ჩვენ, უბრალოდ, სტატისტიკური მონაცემები მოგაწოდეთ – ასე ვთქვათ, ინფორმაცია განსჯისთვის.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close