ტოსკანაში, დანტე ალიგიერის ცნობილ გალერეაში იტალიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიმართა (ვიდეო)
იტალიის პატარა ქალაქ მონტერიჯონიში, დანტე ალიგიერის ცნობილ გალერეაში 11-16 ივლისს სტუმრებს მშვენიერი ახალგაზრდა ქართველი ქალი მასპინძლობდა – ტოსკანაში მცხოვრებმა ნიჭიერმა თვითნასწავლმა მხატვარმა ია შარიაშვილმა თავისი პირველი პერსონალური გამოფენა სწორედ უდიდესი იტალიელი პოეტის სახელობის ამ პრესტიჟულ სივრცეში გამართა.
მანამდე ია რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდა, მათ შორის, 2020 წელს ფლორენციასა და პრატოში, სადაც მისი ნამუშევრები საუკეთესოდ აღიარეს. იას შესახებ ჟურნალ „La Toscana Nuova“-ში გამოქვეყნდა სტატია და ნახატების ილუსტრაციებიც დაიბეჭდა. კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს კი, 2021 წლის 6 იანვარს ტოსკანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იას ნახატების ერთგვარი სატელევიზიო გამოფენა გაიმართა.
ახლა კი ქართველმა ხელოვანმა პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო, რომელიც 6 დღის განმავლობაში უამრავმა უცხოელმა ტურისტმა თუ იტალიელმა დამთვალიერებელმა მოინახულა, მათ შორის იყვნენ ცნობილი მხატვრებიც.
11 ივლისს გამოფენის გახსნას საქართველოზე შეყვარებული იტალიელი ისტორიკოსი, მკვლევარი და მწერალი ფრანჩესკო ტრეჩიც დაესწრო.
სანამ ნიჭიერ და თვითმყოფად ქართველ მხატვართან ინტერვიუს შემოგთავაზებთ გამოფენასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, ერთი მცირე ისტორიულ-ლირიკული გადახვევა:
სიენის პროვინციის პატარა ქალაქი მონტერიჯონი, რომელიც 1203 წელს დააარსეს სიენელებმა, როგორც ფორპოსტი ფლორენციელებისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია არა მარტო არქიტექტურული თვალსაზრისით – განსაკუთრებით თავისი 570 კმ სიგრძის გალავნისა და მასზე აღმართული კოშკების გამო – არამედ კულტურული თვალსაზრისითაც: აღორძინების ხანის დიდებულ პოეტს, ფლორენციელ დანტე ალიგიერის მონტერიჯონის კოშკები ნახსენები აქვს თავის გენიალურ „ღვთაებრივ კომედიაში“ (1308-1321 წწ.), სადაც იგი ჯოჯოხეთის საზარელი ორმოს (Malebolge) საშინელ გიგანტებს (orribili giganti) მონტერიჯონის კოშკებს ადარებს.*
დავუბრუნდეთ გამოფენას: როგორც ია ამბობს, მონტერიჯონი პოპულარული ტურისტული ზონაა, ხოლო დანტე ალიგიერის დარბაზი (Sala Dante Alighieri) – ცნობილი და პრესტიჟული გალერეა, ამიტომაც აირჩია ის თავისი პირველი პერსონალური გამოფენის მოსაწყობად.
ია, გილოცავ პირველ პერსონალური გამოფენის წარმატებით ჩატარებას. ვიცი, რომ ძალიან დაძაბული დღეები გქონდა, ბევრ სტუმარს უმასპინძლე, გააცანი არა მარტო შენი შემოქმედება, არამედ საქართველოც და ერთგვარი კულტურის ელჩის როლიც შეასრულე…
მართლაც ძალიან დაძაბული დღეები მქონდა, თან 38-გრადუსიან სიცხეში… უამრავი ტურისტი შემოდიოდა, ათვალიერებდა ნახატებს და სურათებს იღებდა, ბევრი ინტერესდებოდა საქართველოთი და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის სურვილს გამოთქვამდნენ.
რამდენი ნახატი წარმოადგინე?
45 ნამუშევარი, მათ შორის ზოგი პირველად გამოიფინა, ნაწილი კი უკვე მქონდა წარმოდგენილი ჯგუფურ გამოფენებზე, რომლებშიც აქამდე ვმონაწილეობდი.
დარბაზი როგორ შეარჩიე?
მონტერიჯონი ტურისტული ზონაა, დანტეს დარბაზი კი ცნობილი გალერეაა, სადაც ტურისტები სპეციალურად მოდიან, ამიტომ მინდოდა, აქ გამეკეთებინა გამოფენა. ადვილი არ არის, ერთი წლით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო, მაგრამ მე გამიმართლა და დამითმეს – 2 თვით ადრე დავჯავშნე. ამ გალერეაში გამოფენის გამართვა ძალიან პრესტიჟულია მხატვრისთვის.
რამდენად კმაყოფილი ხარ პირველი პერსონალური გამოფენით? არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად ორგანიზება?
კი, ძალიან დიდი შრომა დასჭირდა ორგანიზებას. წინა გამოფენებზე მე არ მეხებოდა არაფერი, მხოლოდ ნახატები მიმქონდა, დანარჩენს ორგანიზატორები აგვარებდნენ, ამჯერად კი მე მომიწია ყველაფრის ორგანიზება და ძალიან დიდი ენერგია წაიღო. ჩემი ოჯახის წევრები (იას ჰყავს მეუღლე და 2 ვაჟიშვილი) მედგნენ გვერდში, ჩემი უფროსი ვაჟი – 17 წლის თემუკა სტუმრების მიღებაშიც მეხმარებოდა. დატვირთული დღეები მქონდა, თუმცა ძალიან სასიამოვნოც იყო დამთვალიერებლებთან ურთიერთობა და დიდი გამოცდილებაც შევიძინე, ასე რომ, მომავალი გამოფენისთვის უფრო უკეთ მოვემზადები – ვფიქრობ, გაისად ისევ ამ გალერეაში გავმართო, ვნახოთ.
სტუმრებზე რას გვეტყვი? ვიცი, რომ გახსნაზე ქართველებისთვის კარგად ცნობილი ფრანჩესკო ტრეჩიც იყო, რომელიც საქართველოს დიდი მოყვარული და გულშემატკივარია და მშვენიერი ვიდეოწარდგენაც გააკეთა. იცნობდი და დაპატიჟე?
არა, გამოფენამდე არ ვიცნობდი, თავადაც ამბობს ვიდეოში, რომ ჟურნალიდან გაიგო („La Toscana nuova“) ჩემი გამოფენის შესახებ. დამირეკა წინასწარ და შემითანხმდა, თუ შეიძლება, პატარა ვიდეოს ჩავწერ, 2 წუთს წაგართმევო.
ფრანჩესკოს ვიდეოწარდგენაში ჩანს, რომ დარბაზში მაგიდაზე ტრადიციული ქართული ლურჯი სუფრაა გადაფარებული…
კი, სპეციალურად გადავაფარე, მინდოდა, ქართული ატრიბუტები ყოფილიყო. სხვათა შორის, ფრანჩესკომ იცნო – საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი და ალბათ ნანახი ჰქონდა. ქართული ღვინითაც მინდოდა სტუმრებს გავმასპინძლებოდი, მაგრამ ამჯერად ვერ მოვასწარით ორგანიზება, შემდეგი გამოფენისთვის აუცილებლად შემოვიტან.
გახსნაზე ალბათ მხატვრებიც იყვნენ…
დიახ, რა თქმა უნდა… მაგ., ფაბრიციო ფერარი – ძალიან ცნობილი მხატვარია. ფლორენციის და პრატოს გამოფენების შემდეგ მეც სულ მეპატიჟებიან პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, ვახშმებზე – დიდი პოპულარიზაცია იყო ჩემთვის ამ გამოფენებში მონაწილეობა და გამარჯვება.
თვითონ ნამუშევრებს როგორ აფასებდნენ ვიზიტორები?
ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც რამდენიმე ტურისტმა მითხრა, განსხვავებული სტილის ნახატები გაქვთო. ეს დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ჩემი ტილოები „თბილისი“ და „კახეთი“. ბევრმა იცის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო კახეთი – მეღვინეობის მთავარი რეგიონი საქართველოში. მე თვითონ იტალიაში წამოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ წარმოშობით კახეთიდან ვარ, ყვარლიდან და განსაკუთრებით მიყვარს ეს მხარე. უმეტესობა საქართველოში მოგზაურობის დიდ სურვილს გამოთქვამდა. გერმანელმა ტურისტებმა ჩემს ნახატზე მოცეკვავეების ტანსაცმელი იცნეს – ეს ქართული ნაციონალური ცეკვის ფორმააო.
დახურვის დღეს იტალიელი ცოლ-ქმარი შემოვიდა (იტალიელები დასვენების დღეებში უფრო მოდიოდნენ დასათვალიერებლად, რადგან სხვა დღეებში მუშაობდნენ და ვერ ასწრებდნენ, გალერეა 19 საათზე იკეტებოდა). ქალი განსაკუთრებით დაინტერესდა თბილისის და კახეთის ხედებით და უცბად მეკითხება: ქართველი ხარ, როგორც კვარაცხელიაო? მერე ქმარს დაუძახა, ეს ქალბატონიც ქართველია, როგორც კვარაცხელიაო.
მოკლედ, შენი გამოფენით საქართველოს პოპულარიზაციასაც შეუწყვე ხელი, ხომ?
კი, უამრავი ტურისტი იყო სხვადასხვა ქვეყნიდან, სურათებს იღებდნენ, მესაუბრებოდნენ… ერთმა იტალიელმა სტუმარმა მითხრა, ვიცი, რომ უძველესი ქვეყანა გაქვთ, მილანში ღვინის ფესტივალზე ვიყავი და ქართული ღვინის ისტორიას გავეცანი, მოხიბლული ვარ საქართველოთი და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩავიდე და პირადად დავათვალიეროო.
ია, ახლა, როცა გამოფენა დამთავრდა, როგორია შენი უახლოესი გეგმები?
საქართველოში მოვდივარ, 6 წელია არ ვყოფილვარ და ახლა ჩემს უმცროს შვილთან, 9 წლის ალექსანდრესთან ერთად ჩამოვდივარ. შემდეგ – გავაგრძელებ ხატვას და მომავალი გამოფენებისთვის მზადებას. რაც სიენიდან პოჯიბონსიში (ქალაქი სიენის პროვინციაში, ტოსკანის რეგიონში – ნ. ლ.) გადმოვედით საცხოვრებლად – აქ ვიყიდეთ ბინა – აღარ ვმუშაობ და ოჯახისთვის და ხატვისთვისაც მეტი დრო მრჩება.
რა თქმა უნდა, ხატვა მთავარია! წარმატებებს გისურვებ! იმედი მაქვს, რამდენიმე წელში საქართველოშიც ჩამოხვალ შენი გამოფენით და ხელოვნების ქართველ მოყვარულებსაც მიეცემათ საშუალება, უშუალოდ გაიცნონ ნიჭიერი, თვითმყოფადი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის – ია შარიაშვილის შემოქმედება.
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
ამავე თემაზე: თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც ტოსკანის მზის ქვეშ „დაიბადა“
*ეს არის ამონარიდი დანტეს „ღვთაებრივი კომედიიდან“ (ჯოჯოხეთი), სადაც მონტერიჯონის კოშკებია ნახსენები:
„però che come su la cerchia tonda
Montereggion di torri si corona,
così la proda che ’l pozzo circonda
torreggiavan di mezza la persona
li orribili giganti, cui minaccia
Giove del cielo ancora quando tuona“…
„მონტერეჯონეს კედლებზე რომ შემდგარან კოშკნი,
სწორედ იმგვარად ჭის გარშემო მოვლებულ კიდეს
ასცილებოდნენ შუატანით კოშკების მსგავსად
გოლიათები საშინელი და შემზარავი,
რომელთა მიმართ განრისხებას ამჟღავნებს კიდევ
იუპიტერი ქუხილით და მეხთა კვეთებით“ – კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი (ქება XXXI, 40-45).
იას მეგობარი, ტოსკანელი გიდი (წარმოშობით მილანელი, მამით ბერძენი) დეანა ალახუზოსი 11 ივლისს გამოფენის გახსნას დაესწრო და თავის ემოციას ვიდეოში გვიზიარებს.
ამ ვიდეოში კი ნახავთ იას სატელევიზიო გამოფენას ტოსკანის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 2021 წლის 6 იანვარს.
კომენტარები