კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა და მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დატოვეს.
ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს. ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს პრიგოჟინი სამხედრო შტაბს, მის ავტოკოლონას შეძახილებითა და ტაშით აცილებენ. ზოგიერთი მოქალაქე მათთან ფოტოებსაც იღებდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ როსტოვიდან გასვლისას ვაგნერის მებრძოლები ჰაერში ისვრიან.
One of the Wagner fighters opened fire in the sky during the withdrawal of the PMC from Rostov while civilians celebrated the mercenaries. pic.twitter.com/HpjTj98PTm
— Dmitri (@wartranslated) June 24, 2023
კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვის თქმით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში წავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები 24 ივნისს, გამთენიისას დაიკავეს. მოგვიანებით მათ სამხედრო ობიექტები ვორონეჟშიც დაიკავეს და მოსკოვისკენ გაემართნენ. დღის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა ლიპეცკის ოლქიდან აუდიომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მოსკოვს 200 კმ-ზე მიუახლოვდნენ, მაგრამ თავისი მებრძოლების კოლონებს უკან აბრუნებდა, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო.
ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკა პუტინის თხოვნით „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან დილიდან მოლაპარაკებას აწარმოებდა და შეთანხმებას მიაღწია.
კომენტარები