ვიდეომსოფლიოსაზოგადოება

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამაშველო ჯგუფმა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა – ბორტზე მყოფთ ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათს დაახლოებით 10:00 საათზე ამოეწურებათ (ვიდეო)

„ტიტანიკის“ ნამსხვრევების დასათვალიერებლად ჩასული ტურისტული წყალქვეშა ნავი ორშაბათს გაუჩინარდა. პილოტისა და ოთხი მგზავრისაგან დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა კავშირი წყალქვეშ გატარებული საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 21 ივნისის დილით კანადურმა სამაშველო თვითმფრინავმა „საძიებო ზონაში წყალქვეშა სიგნალი“ აღმოაჩინა, რამაც დაკარგული წყალქვეშა ნავის პოვნის იმედი გააჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა გაუგებარია, თუ საიდან მოდიოდა ან რამდენ ხანს გრძელდებოდა.

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია.

ბორტზე მყოფთ ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათს დაახლოებით 10:00 საათზე ამოეწურებათ.

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

BBC-ის ამერიკულმა პარტნიორმა CBS-მა გასულ წელს გაგზავნა ერთ-ერთი რეპორტიორი კომპანია OceanGate-სთან, რათა იმავე ექსპედიციის ფარგლებში „ტიტანიკის“ ნამსხვრევები დაეთვალიერებინა.

რეპორტიორ დევიდ პოგის თქმით, ბორტზე ასვლისას მან წაიკითხა ცნობა, სადაც წყალქვეშა ნავი ექსპერიმენტულ ხომალდად იყო დახასიათებული. მისივე თქმით, ნავი არ ყოფილა შემოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანის მიერ.

შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მას წყალქვეშა ნავი დაათვალიერებინა და გაუმხილა, რომ ნავს მხოლოდ ერთი ღილაკი აქვს და ის ვიდეოთამაშის პულტით იმართება.

მგზავრებს შორის არიან 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი 19 წლის ვაჟი სულეიმანი. პაკისტანელი ბიზნესმენი და მისი ვაჟი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, მეოთხე მგზავრი ფრანგი მკვლევარი, 77 წლის პოლ-ანრი ნარჟოლეა (Paul-henri Nargeolet), მეხუთე კი თავად კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ბატისკაფ „ტიტანის“ მფლობელი სტოკტონ რაში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close