პოლიტიკამიგრაციასაქართველო

საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განიხილავს

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიციირებულია და მას დეპუტატები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ.

საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ივნისს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველმა პირმა შესაბამისი გამოცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადით მიმართვამდე უნდა ჩააბაროს და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს აღარ დაიწყებს.

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა თავიდან ჩააბაროს რამდენჯერად უნდა, შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოცდაზე დადებითი შედეგს მიიღებს, ეს შედეგი ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.

აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირს, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, რომლებსაც რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის გაკეთება საქართველოში ხუთი წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ შეუძლია, ამჟამად კანონით განსაზღვრული 10 წლის ნაცვლად. პროექტის თანახმად, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, ასევე საქართველოში მუშაობასთან, ან საქართველოში უძრავი ქონების, ან საწარმოში წილის, ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გარდა, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვების შესახებ გაანცხადზე შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განმეორებით მიმართვის ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება.

ამავე თემაზე: ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close