მიგრაციასაქართველო

ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტა

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება

საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 5 ივნისს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

რატი ბრეგაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.

„დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება კონკრეტულად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების პროექტს.

მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრივ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ეს პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება დრო და რესურსი.

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენ მიერ საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close