23 ივლისს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ტელევიზიით მიმართვისას განაცხადა. სანჩესმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა სოციალისტურმა მუშათა პარტიამ კვირას, 28 მაისს ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა.
ესპანეთის 17 რეგიონიდან საპარლამენტო არჩევნები 12-ში ჩატარდა და მმართველმა პარტიამ 12-იდან მხოლოდ 3-ში შეძლო გამარჯვება.
„გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც გუშინ არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი“, – თქვა სანჩესმა. მისივე განმარტებით, იგი პარლამენტს დაითხოვს და 23 ივლისს ქვეყანაში რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები ჩატარდება.
რეგიონულ არჩევნებში სანჩესის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ ჯამში 28.2% აიღო, ხოლო კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ (PP) – 31.1%, რაც 2019 წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები