მგზავრები მომავალში 10-ჯერ უფრო სწრაფად შეძლებენ ფრენას – საავიაციო ინდუსტრია ეპოქალური ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშეა
საავიაციო ინდუსტრია, რომელიც უკვე წლებია ფაქტობრივ სტაგნაციას განიცდის, ეპოქალური ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშეა. სუბორბიტალური რაკეტებისა და ხომალდების საშუალებით მომავალში ფრენების თითქმის 10-ჯერ უფრო სწრაფად განხორციელება იქნება შესაძლებელი.
ბრიტანეთის საავიაციო სააგენტოს კვლევის თანახმად სუბორბიტალური ტურიზმი ახლა განვითარების საწყის ეტაპზეა, თუმცა მომავალში აღნიშნული ტექნოლოგია გასცდება ტურისტული ატრაქციონის ფარგლებს და პრაქტიკულ დანიშნულებასაც შეიძენს, კერძოდ, ის მსოფლიოს ყველაზე მეტად დაშორებულ წერტილებს ერთმანეთთან უსწრაფესი გზით დააკავშირებს. ამ ტექნოლოგიის წყალობით ლონდონიდან სიდნეიმდე ფრენას 2 საათზე ნაკლები დრო დასჭირდება, ახლა კი ამ დისტანციის დასაფარად კომერციული თვითმფრინავით დაახლოებით 22 საათია საჭირო.
ზოგადად, სამგზავრო თვითმფრინავები ქვედა სტრატოსფეროში დაფრინავენ, რის გამოც მათ აეროდინამიკურ წინაღობასთან უწევთ გამკლავება; სუბორბიტალური ხომალდები კი გაცილებით უფრო მაღლა, ფაქტობრივად, კოსმოსის მიჯნაზე დაფრინავენ, სადაც აეროდინამიკური წინაღობა გაცილებით ნაკლებია, ამიტომაც ხომალდს უფრო სწრაფად შეუძლია შორი მანძილის დაფარვა და ორბიტიდან პირდაპირ დანიშნულების ადგილზე დაშვება.
სუბორბიტალური ფრენებით ამჟამად კვლევითი ორგანიზაციები და ულტრაპრემიუმ კლასის ტურისტული კომპანიები არიან დაკავებულნი, თუმცა, პროგნოზის თანახმად, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სერვისიც გაიაფდება. ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი და რიჩარდ ბრანსონის Virgin Galactic-ი სწორედ ამ ინდუსტრიაში ოპერირებენ.
bm.ge
კომენტარები