„დამავლო“ ელდარ შენგელაიამ ხელი და მთავარ როლზე დამამტკიცა – გურამ ლორთქიფანიძის არაჩვეულებრივი ამბები და აუხდენელი ოცნება
„თბილისში დავიბადე, 1930 წლის 6 მაისს – მაისის ბიჭი ვარ“, – მითხრა ერთ-ერთ ინტერვიუში გურამ ლორთქიფანიძემ, იგივე „ლორთქიამ“, ძირძველმა თბილისელმა კაცმა, რომელსაც ძნელად თუ გაეჯიბრებოდა ვინმე თავისი ქვეყნის, ქალაქისა თუ ადამიანების სიყვარულში. ვერ გეტყვით, როგორ აღნიშნავდა იგი დაბადების დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სატელეფონო ზარების პასუხს ვერ აუვიდოდა. თუმცა სატელეფონო ზარები არც ჩვეულებრივ დღეებში აკლდა. მეტიც, ერთადერთი, რის გამოც ჟურნალისტებს გვეთანხმებოდა, რომ კოლორიტი იყო, სწორედ სატელეფონო ზარების სიხშირე იყო. „ჩემი კოლორიტობა ისაა, რომ მუდმივად მირეკავენ“, – ამბობდა და ყოველთვის სიამოვნებით გვმასპინძლობდა. მასთან ყოველი შეხვედრა განსაკუთრებით გამორჩეული და საინტერესო იყო, თავისი ხალასი იუმორით, არაჩვეულებრივი, გადამდები ღიმილით გვიყვებოდა საინტერესო ამბებს.
„მაისის ბიჭი“
„თბილისში დავიბადე 1930 წლის 6 მაისს – მაისის ბიჭი ვარ. სხვათა შორის, ცხონებულმა დედაჩემმა სახლში იმშობიარა. მიუხედავად ამისა, შინ ჯდომა არ მიყვარს, ქუჩა უფრო მიზიდავს. ალბათ იმიტომ, რომ ქუჩაში გავიზარდე – ამ სიტყვის კარგი გაგებით – ხშირად ვიდექით ხოლმე უბანში. უბანში დგომის ეს ტრადიცია უნდა აღდგეს. კლუბებიც ბევრია ახლა და ოჯახებშიც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ერთ-ორ საათს ქუჩაში რომ დადგები, შენს უბნელს თვალს გააყოლებ, მოიკითხავ და იტყვი – ვაჰ, ეს როგორ დაბერებულა? ვაჰ, იმას შვილიც გასჩენია, იმას დისერტაცია დაუცავს და ა. შ. … ეს სულ სხვაა. ქუჩაში ყოფნის ძველი ფორმები რაღაცნაირად უნდა განახლდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია…
მოკლედ, გავჩნდი ბიჭი, მამაჩემს (გურამ ლორთქიფანიძის მამა ეკონომისტი იყო, თუმცა ხელოვნების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, სამი წელი კონსერვატორიაში სწავლობდა და შემდგომში კავსაძის გუნდში მღეროდა – თ. ო.) თოფი არ უსვრია, მაგრამ კარგ ქეიფს რომ გამართავდა, ამას ლაპარაკი არ უნდა… მშობლებს ფრანგულ კერძო ბაღში დავყავდი – ფრანგულად ვიზრდებოდი, აბა?! „გოლფი“ მეცვა და „ბაბოჩკა“ მეკეთა. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი და კიდევ მივდიოდი ხოლმე ამ ბაღში – სპექტაკლებს ვდგამდით… გარდა ამისა, იმავე პერიოდში ვიოლინოზე დაკვრასაც ვსწავლობდი კონსერვატორიაში, შვიდი წელი ვისწავლე. მაგრამ მოვდივარ ერთხელ ქუჩაში და ვიღაც ბიჭმა დამიძახა: „სკრიპაჩ-ტრიპაჩ“. „რა-მეთქი?“- გადავირიე. მოვისროლე „გოლფი“ იქით, „სკრიპკა“ აქეთ, ჩავიცვი „ჩარლსტონის“ შარვალი, დავიხურე „კეპკა“ და დავიწყე ძველბიჭობა… ცოტა ავურიე, რა! თან შეყვარებული ვიყავი… დონ ჟუანი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ნულ კლასში რომ შემიყვარდა, დღემდე შეყვარებული ვარ… თბილისის თითქმის ყველა სკოლაში ვსწავლობდი, გავიტენებოდი ორიანებით და… ერთი სიტყვით, სწავლა ოც წლამდე რომ გაგრძელებულიყო, მე მგონი, სხვა ქალაქშიც გადავიდოდი. ისე, მართლა მთლად ასე არ გეგონოთ – მუსიკალური ათწლედი დავამთავრე და მოსკოვში სარეჟისოროზე ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ბედი არ გინდა?! უკვე მზად ვარ გასამგზავრებლად და წინა დღეს მითხრეს, მიღება არ არისო – სხვა რესპუბლიკებიდან ჩასულებს აღარ იღებდნენ… დავრჩი თბილისში და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. რაღაც დროის განმავლობაში ვმუშაობდი კიდეც ჟურნალისტად რადიოში და მერე გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“, მაგრამ ძალიან ზერელედ…
სწავლის პერიოდში მთელ დღეებს კინოსტუდიაში ვატარებდი. მერე მაინც წავედი მოსკოვში და ორწლიანი სარეჟისორო-სასცენარო კურსები გავიარე. დავბრუნდი თბილისში, რეჟისორობა მინდოდა, მაგრამ „დამავლო“ ელდარ შენგელაიამ ხელი და, სტაჟიორად რომ ვიყავი მის ფილმზე (საუბარია „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“), უცებ ამავე ფილმში მთავარ როლზე დამამტკიცა. ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. სრულიად შემთხვევით, პიპინიას – ბატონ ვასილ ჩხეიძეს – რაღაცას ვუყვებოდი ფილმთან დაკავშირებით და ვხედავ, მოდის ჯგუფი: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი…„შევიდეთ პავილიონში და როგორც ახლა ლაპარაკობ, ეს გადავიღოთ“, – მითხრეს. კი, ბატონო-მეთქი და გადავიღეთ… სად ეძებთ აგულის, აგერ ყოფილაო, თქვეს და დამამტკიცეს როლზე… ასე დამრჩა რეჟისორობა გვერდზე…“
***
ამ ყველაფერს ბატონ გურამზე უკეთ ვერ მოგიყვებოდით, სწორედ ამიტომ არ მიცდია მესამე პირში მესაუბრა. ჩემგან სათქმელად ალბათ ისიც საკმარისია აღვნიშნო, რომ გურამ ლორთქიფანიძე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა კინოში. არაერთი დიდი თუ პატარა როლი აქვს შესრულებული ფილმებში: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, „პირველი მერცხალი“, „რაჭა ჩემი სიყვარული“, „ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი“, „ხარება და გოგია“, „სკაპენის ოინები“… – რომელი ერთი ჩამოვთვალო? ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, საფრანგეთში გადაღებული ფილმი „ზღვის მაშვალნი“, ქართველ მაყურებელს არც კი უნახავს. თვითონ განსაკუთრებულად „არაჩვეულებრივი გამოფენა“ უყვარდა: აგულიმ ძალიან ბევრი რამ მომცა, თვითონ ფილმის გადაღების პროცესი კი, ელდარის დამსახურებით, მართლაც არაჩვეულებრივი იყოო, ამბობდა.
„როლზე რომ დამამტკიცეს, რამდენიმე თვე ვსწავლობდი ქანდაკებაზე მუშაობას, მთლად ხამად რომ არ ვყოფილიყავი სახელოსნოში. ბევრი მეგობარი მყავდა მოქანდაკე – ბერძენიშვილით დაწყებული, ამაშუკელით დამთავრებული. მინახავს, როგორ მუშაობდნენ ისინი, ამანაც „მიშველა“.
ისე, ჩემი მოღვაწეობა კინოში დაიწყო ფილმით „გაზაფხული საკენში“, რომელსაც რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი იღებდა. მახსოვს, 1949 წელი იყო. იმ წელს მხოლოდ ეს ერთი ფილმი ჰქონდათ წარმოებაში ჩაშვებული. გადაღებები აფხაზეთში გვქონდა. მე ამ ფილმზეც სტაჟიორად ვიყავი. გახსოვთ ალბათ, ფილმში შესანიშნავი მსახიობები თამაშობენ: ლიანა ასათიანი, ედიშერ მაღალაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი შავგულიძე, კოტე დაუშვილი… – მთელი ძველი პლეადა! ხელის გულზე გვატარებდა მთელი აფხაზეთი. ჟორა შავგულიძეზე შეყვარებული ვიყავი. საოცარი ადამიანი იყო, თან ძალიან ლამაზი და ვაჟკაცური – მე ასეთი ლამაზი მამაკაცი არ მინახავს. იცით, რა ტანი ჰქონდა? პლაჟზე რომ გაიხდიდა, მთელი რუსის ქალები პირდაღებულები უყურებდნენ. ერთხელ რიწაზე ვიყავით ექსკურსიით ასულები. სტალინი ისვენებდა მაშინ იქ და იქაურობა დაცვის ხალხით იყო სავსე. ცოტა წავიქეიფეთ და უცებ ჟორა ტანსაცმლიანად არ გადახტა ტბაში აივნიდან?! აუჰ, ატყდა ერთი ამბავი. გვერდით სტალინის აგარაკია და ამის გამო რიწაზე ცურვა საერთოდ აკრძალული იყო. მოვარდა „კაგებე“, ოცი კაცი მაინც იქნებოდა: „რა ქენი, ეს როგორ გააკეთე, წყალში როგორ გადახტი?“ „როგორ გადავხტი და ასე“, – უპასუხა ჟორამ და მეორედაც არ გადახტა?! სულ გაგიჟდნენ -ეს გადარეულიო! … ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა, მასთან არასოდეს მოიწყენდა კაცი. სხვათა შორის, ცოტა განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ კარგი იუმორი აქვს ახლანდელ ახალგაზრდობასაც, ზოგჯერ ისეთ რაღაცას იტყვიან, გაგიკვირდება… ჩვენიც ესმით… იუმორი არასოდეს ბერდება…
„არაჩვეულებრივ გამოფენას“ რომ ვიღებდით, ქუთაისში, თეთრ ქვებზე გვქონდა ერთი ეპიზოდი. გახსოვთ ალბათ, მე და დოდო ნიფხვისამარა რომ ვჭყუმპალაობთ წყალში, ასე ვთქვათ, ვისვენებთ. მოგვადგნენ სულგანათლებული ოთარ სულაბერიძე, ყოფილი კალათბურთელი, ქუთაისის ერთ-ერთი კოლორიტი ჟორჟიკა იაშვილი, მერაბ კაპანაძე და სოსო ხარაბაძე. სოსო გვეუბნება: მორჩით ახლა გლახაობას, საქმეს ვეწიოთ, გელათში გაშლილი სუფრა გველოდებაო. გადაღება „გლახაობაა“ ქუთაისური გაგებით, პურმარილი კი – საქმე!.. ცოტა გვაცალე, ამდენ ხალხს ვერ მოვაცდენთ, სცენას დავამთავრებთ და მერეო, ვუთხარით. კარგიო, და წავიდნენ. ნახევარ საათში ისევ მოგვადგნენ. ელდარმა კიდევ გადაუდო. ეს ამბავი რამდენჯერმე განმეორდა. მერე წავიდნენ და დიდი ხნით დაიკარგნენ. ვსხედვართ ქვებზე, ვლაპარაკობთ, როლის მიხედვით რა გვაქვს სათქმელი, და ვხედავთ, თვალდათვალ იწევს წყლის დონე, მოდის აქაფებული რიონი, ორ-სამ წუთში მისწვდა „სუფრას“ და პამიდვრები მოგვტაცა, მერე კი მთლიანად წახვეტა ყველაფერი. ნეტავ გენახათ, როგორ ავცვივდით ნაპირზე. თურმე დაგუბებული რიონი არ გაუშვიათ?! რაღას ვიზამდით, წავედით და „საქმეს ვეწიეთ“ – დიდებულად ვიქეიფეთ სათაფლიაზე. თამადად ცხონებული თემიკო ჩირგაძე გვყავდა. რომ ვუფიქრდები, რა ხალხი წავიდა, გული მიკვდება“.
ბატონი გურამი 15 წელზე მეტია (გარდაიცვალა 2008 წლის 6 იანვარს), იმ ხალხის გვერდითაა და ალბათ „იქაც“ აგრძელებენ ქეიფსა და დროსტარებას.
„ქეიფის გიჟი“
„ქეიფის გიჟი ვარ. ერთხელ, ზაფხულში პარკში ვართ მე, იმედო კახიანი და ილიკო გეგელაშვილი. ახალი ნაავადმყოფარი ვიყავი და ნელ-ნელა ვსვამდი პატარა ჭიქით… ვიგონებ რაღაც-რაღაცებს, იმათ რომ ავუბა მხარი, მაგრამ… შაშვი შემოჯდა უცებ ხეზე. ხედავთ-მეთქი, კაცო, რა თქვა? რა მოგივიდაო? – მეკითხებიან. ბიჭო, ნახეთ, რას იძახის: „კაცი არა ხარ, ერთი დიდი ჭიქა გამოურიეო, რა“. ჰოდა, „დავურტყი“ დიდი ჭიქით – შაშვი მეუბნება-მეთქი. გაფრინდა ეს შაშვი, ცოტა ხნის შემდეგ მეორე გამოჩნდა. მორიგი სადღეგრძელოც დიდი ჭიქით დავლიე და მერე აღარც გამიშვია ხელიდან – კარგად შევთვერით… საყვარელი სადღეგრძელო რომელია? ცხადია, მშობლების… და როგორ, სიყვარულის სადღეგრძელოს არ დალევ? აუხსნელი რამაა სიყვარული… ყოველდღე უნდა გიყვარდეს, ხანდახან მოიგონო კიდეც… სიყვარული არ უნდა დააბერო!.. ქალს რომ ველაპარაკებოდი, ვწითლდებოდი ხოლმე… დღევანდელ ახალგაზრდობაში, იცით, რა არ მომწონს? – ერთი ფერის არიან, უნდა გაწითლდე, რა!..
საერთოდ, ჩვენგან ბევრს სწავლობენ ახალგაზრდები, მაგრამ მათ თავისებური ხედვა აქვთ. რას იზამ, ცხოვრება იცვლება. ისე, კარგები არიან, სხარტები. ცოტა რთული პერიოდი შეხვდათ, თორემ ჯიგრები არიან! თუმცა ერთი რამ ძალიან მადარდებს. ახლა იმდენი ინფორმაციაა, წიგნის წაკითხვას ვეღარ ასწრებს ჩვენი ახალგაზრდობა. კი არ ვსაყვედურობ, მაგრამ კლდიაშვილი არ უნდა იცოდე, გალაკტიონი არ უნდა იცოდე, კაცო, ზეპირად?! ან რუსთაველის ერთი-ორი აფორიზმი? უწინ მზითევში ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს“, დღეს კი…“
„რა კოლორიტი მე ვარ…“
„სიტყვა კოლორიტის ძახილმა ხალხს თავი მოაბეზრა. მე რომ მეუბნებიან, კოლორიტი ხარო, მიკვირს, რა კოლორიტი მე ვარ, უბრალოდ, თბილისელი კაცი ვარ. თბილისი უფრო დიდი კოლორიტია. დღესაც არიან თბილისზე გულდამწვარ-გულდათუთქული ახალგაზრდა ბიჭები. აი, ისინი არიან კოლორიტები. დღევანდელი თაობა შეიძლება ისე აღარ ზის წიგნებთან, მაგრამ თბილისი უყვართ… კრიტიკოსი გურამ ასათიანი იყო კოლორიტი თავისი კრიტიკით. შეიძლება სიმღერა არ იცოდე, მაგრამ მოსმენა იცოდე და უკვე კოლორიტი ხარ. როცა დიდებული თამადა გყავს, სიტყვის გასწორება კი არ უნდა დაუწყო, არამედ უნდა მოუსმინო. სხვაგან ითამადე და იმღერე. ჩემი კოლორიტობა ისაა, რომ მუდმივად მირეკავენ. მეგობრები მეუბნებიან, შენთან რა, „სმოლნიაო“? აბა, საერთოდ რომ არ გირეკავენ, ის სჯობს? თუ არავინ მირეკავს, ცუდად ვხდები…“
„ლორთქიას“ აუხდენელი ოცნება
ფილმის გადაღება გურამ ლორთქიფანიძის აუხდენელ ოცნებად დარჩა: „თბილისელ ჯილა-ბიჭზე მინდა გადავიღო, ერთი კაცის ცხოვრება მინდა აღვწერო. იყო, მაგალითად, ნანეიშვილი ირაკლი, დიდი ოჯახის შვილი. ქალმა უარი უთხრა, დანა აიღო და არაერთი ჭრილობა მიაყენა. ქალი გადარჩა და გათხოვდა, ირაკლი კი გალოთდა. ექიმი იყო, მაგრამ ფრანგულად თარგმნიდა ვაჟა-ფშაველას. სხვა ენებიც იცოდა – თვითონ ისწავლა. ჭადრაკის თამაშიც ისწავლა, იმიტომ, რომ ერთი კაცისთვის მოეგო…“
***
„კაცმა ისე უნდა იცხოვროს, რომ დაღლილი ჩავიდეს საფლავში. იქ ხომ აღარავინ შეგაწუხებს? ერთხელ ბატონმა ირაკლი აბაშიძემ გულზე დაიკრიფა ხელები და თქვა: „კაცო, ასე რა გაძლებს საფლავში?“ – ხომ შესანიშნავი ნათქვამია? აქ უნდა დაიხარჯო, დაიჭმუჭნო, დაბერდე და ისე წახვიდე“ – ესეც ბატონი გურამის სიტყვებია ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელსაც ჩემს პირად არქივში ვინახავ.
გურამ ლორთქიფანიძე სიყვარულში დაიხარჯა, სიყვარული არ დააბეროთო, ანდერძივით დაგვიტოვა და იმქვეყნადაც ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარული წაიყოლა.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები