გერმანიაში ტრაილერის ქართველი მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)
პოლონურ სატვირთო გადაზიდვების კომპანიაში დასაქმებული ორასამდე ქართველი ტრაილერის მძღოლი სამუშაო პირობებით უკმაყოფილების ნიშნად გაიფიცა – ისინი ფრანკფურტში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან არიან გაჩერებულები უკვე მეათე დღეა და უარს ამბობენ მუშაობის გაგრძელებაზე იმ დრომდე, სანამ კომპანია მათ სრულად არ აუნაზღაურებს სახელფასო დავალიანებას.
გაფიცულთაგან ერთ-ერთი, თორნიკე ლუხუმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ უარი თქვა მათთვის ხელფასი გადაეხადა კვირა დღეს მუშაობის სანაცვლოდ. პოლონურ კომპანია „აგმაზში“ დასაქმებულები ხელფასს დღიურად იღებენ – დღეში მათი ანაზღაურება 80 ევროა.
„მუშაობა რომ დავიწყეთ, პირობა იყო, რომ პირველი და ბოლო თვის ხელფასს არ ავიღებდით, წესით ამის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ვინაიდან თავიდან საბუთები გვქონდა მოსაწესრიგებელი, დავთანხმდი ამას. იანვრიდან ვმუშაობ აქ და თითქმის არ ამიღია არაფერი, ამასობაში ყველანაირი საბუთებიც ავიღე და 9 ქვეყანაში მანქანის ტარების ლიცენზიაც.
კვირას გახდება ორი კვირა, რაც გავჩერდით, პოლიციაც იყო მოსული, აქაური პროფკავშირებიც, კომპანიის მფლობელიც ჩამოვიდა გუშინ, ყველა გვეუბნება, რომ მართლები ვართ და ახლა კომპანიამ უნდა წარადგინოს ფინანსური ამონაწერი იმის სანახავად, რამდენი აქვს დავალიანება და რა აქვს ჩვენთვის გადახდილი”, – ამბობს თორნიკე ლუხუმაიძე. მისი თქმით, კომპანიაში ხშირია უკონტრაქტოდ დასაქმების შემთხვევები, რაც დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, ხელფასები არასრულად გასცეს, ან გასაჩივრების მექანიზმი წაართვას მძღოლებს.
გერმანიაში გაფიცულ მძღოლებს სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს პროფკავშირებიც, მათი ჩართულობით გაფიცულები ფრანკფურტში მოინახულა ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) საგზაო ტრანსპორტის ზედამხედველობის ფონდმა.
კომპანია „აგმაზს“, რომელიც ევროპის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვით არის დაკავებული, ასობით ტრაილერი ჰყავს. რადიო თავისუფლებამ მათ მძღოლების პროტესტის შესახებ წერილობით მიმართა კითხვებით – მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რადიო თავისუფლება
კომენტარები