ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელია – ეს იტალიის ჩემპიონატის რეკორდია
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდზე მიმდინარეობდა და 26 მარტს დასრულდა.
მარტში კვარაცხელიამ სერია A-ში ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელაც პენალტი მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო ხვიჩამ მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ (ზედიზედ მეორედ) მოიგო, რაც იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველა დროის რეკორდია.
ხვიჩას გარდა, მარტის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ასევე კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“), არმან ლორიენტე („სასუოლო“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“) და დესტინი უდოჯი („უდინეზე“) იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ატალანტასთან“ კვარაცხელიას გოლი ასევე თვის საუკეთესოდ დაასახელეს. ხვიჩა სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშე პირველად აგვისტოში გახდა, ხოლო მეორედ – თებერვალში.
მერაბ მამულაშვილი
1tv.ge
კომენტარები