პოლიტიკასაქართველო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

„საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს, ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად“ - მიმართა ანალენა ბერბოკს სალომე ზურაბიშვილმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები თავის კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან , საქართველოს პრეზიდენტთან. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელი მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება.

„გავიმეორებ იმას, რაც აღვნიშნე – ჩამოვედი არა მხოლოდ, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ამ ქვეყნის მეგობარი, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რომლებიც რთულია მხარდასაჭერად“, – ასე უპასუხა ანალენა ბერბოკმა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ მის განცხადებას ეხებოდა, რომ გერმანია საქართველოს პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს ხედავს.

ჟურნალისტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე  მიმართა კითხვით, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა საქართველოს კურსიდან აცდენაში.

„მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო, გერმანია ყველაფერს გააკეთებენ ერთობლივად, რათა საქართველო მივიდეს ევროკავშირამდე. ჩვენ 12 პუნქტად ჩამოვაყალიბეთ ყველაფერი, ასევე ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს. მართლმსაჯულების სფერო, სიტყვის თავისუფლება – ეს არის გზა ევროკავშირისკენ, რაც ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ეს არ არის მარტივი გზა, აუცილებელია რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დაუშვებელია გარედან ყოველი განწყობის ბოროტად გამოყენება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემი სათქმელი. ამაზე გასული კვირების, თვეების განმავლობაშიც ძალიან ღიად, გახსნილად ვსაუბრობდით მე და ილია დარჩიაშვილი“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

„საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ვნახოთ ევროკავშირში და გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი“, – აღნიშნა მაღალი რანგის გერმანელმა სტუმარმა.

მისივე თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს საგრძნობი წინსვლა აქვს და გერმანია მხარს დაუჭერს ამ გზაზე:

„თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

„საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ჩათვლის ევროპისგან მიტოვებულად…

აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს.

თავის მხრივ,გერმანელმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ჩამოვიდა, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.

„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ბერბოკმა.

ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close