სპორტი

3:0 (5:0) – „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, 17 მარტს გაირკვევა მისი მოწინააღმდეგე

სპალეტის გუნდმა საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაამარცხა

„ნაპოლი“  უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. 15 მარტს „სტადიო მარადონაზე“ გამართულ მერვედფინალურ მატჩში ნეაპოლელებმა ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაამარცხეს ანგარიშით 3:0 და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ეს განმეორებითი მატჩი იყო, მერვედფინალის პირველი შეხვედრა ფრანკფურტში სპალეტის გუნდმა 2:0 მოიგო.

პირველი საგოლე მომენტი კვარაცხელიამ შექმნა მე-19 წუთზე – იგი  მეკარეს მიუახლოვდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ კევინ ტრაპმა ბურთი მოიგერია. ხვიჩას 43-ე წუთზეც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ გერმანელმა მეკარემ კვლავ კარგად ითამაშა.

პირველი ტაიმის მიწურულს პირველი გოლი თავური დარტყმით ოსიმენმა გაიტანა.

მეორე ტაიმში კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა პოლიტანომ და დი ლორენცომ განავითარეს, ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა და იტალიელთა უპირატესობა 2-მდე (საერთო ჯამში კი – 4-მდე) გაზარდა.

მესამე გოლი პიოტრ ჟელინსკიმ გაიტანა პენალტით 64-ე წუთზე და ცხადი გახდა, რომ „ნაპოლი“ უკვე მეოთხედფინალში იყო.

შეგახსენებთ, რომ მატჩის დაწყებამდე გერმანელი და ნეაპოლელი გულშემატკივრები ქუჩაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თუმცა პოლიციამ განმუხტვა მოახერხა.

გუშინ კიდევ ერთი მერვედფინალური მატჩი გაიმართა „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის, რომელშიც  მხოლოდ ერთი გოლი გავიდა – ქარიზმ ბენზემამ („რეალი“) მეტოქის კარი 79-ე წუთზე აიღო. საბოლოოდ, ორივე მატჩის ანგარიშით 5:2 მეოთხედფინალში „რეალი“ იბრძოლებს.

უკვე ცნობილია რვავე გუნდი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლას აგრძელებენ, მათგან 3 იტალიურია:

იტალია – „ნაპოლი“, „მილანი“, „ინტერი“

ინგლისი – „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“

ესპანეთი – „რეალი“

გერმანია – „ბაიერნი“

პორტუგალია – „ბენფიკა“

მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. ხვალ გავიგებთ, რომელ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“.

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 11-12 აპრილს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი – 18-19 აპრილს.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close