ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
„კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, რომელმაც EA Sports Player Of The Month ერთ სეზონში ორჯერ მოიგო“
„ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ ტურნირის პრესსამსახურმა 10 მარტს განაცხადა.
იტალიის ჩემპიონატში თავის სადებიუტო სეზონში ქართველი ფეხბურთელი მეორედ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი, პირველად – გასული წლის აგვისტოში.
აქვე გეტყვით, რომ თებერვალში საუკეთესო ფეხბურთელის წოდების პრეტენდენტები იყვნენ, აგრეთვე, ფედერიკო ბასკიროტო („ლეჩე“), ალექსეი მირანჩუკი („ტორინო“), ვიქტორ ოსიმჰენი („ნაპოლი“) და ანხელ დი მარია („იუვენტუსი“).
„კვარაცხელია პირველი მოთამაშეა, რომელმაც EA Sports Player Of The Month ერთ სეზონში ორჯერ მოიგო, – განაცხადა Lega Serie A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ. – ქართველი გარემარბი თვიდან თვემდე ადასტურებს თავის შესანიშნავ გავლენას ჩვენს ლიგაში, გოლის გატანის და თანაგუნდელებისთვის საგოლე გადაცემის უნარით. სპალეტის გარემარბს დღემდე უკვე 10 გოლი აქვს გატანილი [იტალიის ჩემპიონატის მატჩებში – რედ.] და 9 საგოლე გადაცემით ლიდერობს. დრიბლინგის უნარი, პიროვნება, მიზანდასახულობა და კრეატიულობა მას გუნდის განუყოფელ ნაწილად აქცევს, „ნაპოლის“ გუნდისა, რომელიც ლიგის ლიდერია და უკვე სერია A-ს და საერთაშორისო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია აწმყოსა და მომავალშიც“.
მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდმა ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ მატჩებში მთლიანობაში 12 გოლი გაიტანა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები