10 მარტს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც ე. წ. აგენტების კანონს „ჩააგდებენ“
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დაახლოებით 22:00 სთ-ისთვის გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხვალ, 10 მარტს, 11:45 სთ-ზე ბიუროს სხდომა ჩატარდება, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა დაიწყება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იქნება – კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მერე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება”.
რამდენიმე საათის წინ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პირველივე პლენარულ სხდომაზე, 20 მარტის კვირაში გაიტანდნენ მეორე მოსმენაზე და „ჩააგდებდნენ“.
ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს მიმართეს, დაუყოვნებლივ მოეწვია რიგგარეშე პლენარული სხდომა, რათა „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის უკან გაწვევის პირობა რაც შეიძლება სწრაფად შეესრულებინა.
რუსთაველის გამზირზე ამჟამად მიმდინარე აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმოს პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონპროექტის „ჩაგდების” შესახებ.
მეორე მოთხოვნა იყო აქციებზე დაკავებული 133-ვე ადამიანის გათავისუფლება. დაახლოებით 2 საათის წინ, საღამოს 9 საათისკენ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციების დროს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა, თუმცა გამოძიება ისევ მიმდინარეობს პოლიციელთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვა კანონდარღვევების ფაქტებზე.
კომენტარები