პოლიტიკასაზოგადოება

შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს – რა იქნება შემდეგ? (ვიდეო)

საპროტესტო აქცია პარლამენტთან დღეს, 15:00 საათზე განახლდება

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 66 პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.

პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა ზემოაღნიშნული ქმედებების დამადასტურებელი ვიდეომასალა გაავრცელა.

აქცია გვიან ღამით დამატებით მობილიზებულმა სპეცრაზმმა წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

დილით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. პარლამენტის მიმდებარედ განლაგებულმა სპეცრაზმმა და წყლის ჭავლის მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. რუსთაველის გამზირს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასუფთავებენ.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პარლამენტის წინ დემონსტრაცია 8 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მტკიცებით, ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი – გაცილებით ლიბერალური ვარიანტი (რომელიც გუშინ განიხილეს და პირველი მოსმენით მიიღეს – რედ.), რომლის ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და მას არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან. მათივე თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება, სადაც მასზე დასკვნის მომზადებას, სულ ცოტა, 3 თვე მაინც სჭირდება, რის შემდეგაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გააგრძელებენ კანონპროექტთან დაკავშირებულ პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ არსებითი ხასიათის ცვლილება კანონპროექტში შესაძლებელია შევიდეს მხოლოდ მეორე მოსმენის დროს, მესამე მოსმენა უფრო ტექნიკური ხასიათის, არაარსებითი ცვლილებებისთვისაა განკუთვნილი.

ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს კანონპროექტთან დაკავშირებული ყველა სახის პროცედურა და ის პარლამენტიდან გაიწვიონ.

ე. წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მას რუსულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ და უკვე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  ევროკავშირს, აშშ-ს, საქართველოს სხვა პარტნიორ ქვეყნებს, საერთაშორისო დონორ და უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

ამავე პოზიციაზეა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close