საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: საბედისწერო პირველი ვაგონიდან ერთადერთი გადარჩენილი, 20 წლის სტუდენტი სიცოცხლისთვის იბრძვის

20 წლის სტუდენტი გერასიმოს-იასონოს გეორგიადისი მე-6 დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის. ახალგაზრდა კაცი IC-62 რეისის სამგზავრო მატარებლის საბედისწერო პირველი ვაგონიდან ერთადერთი გადარჩენილია. მას გაუმართლა იმ მხრივ, რომ ტემპიში მატარებლების შეჯახებისას დარტყმის სიძლიერემ ფანჯრიდან გადმოაგდო, რის გამოც აფეთქებას და ხანძარს გადაურჩა, თუმცა მიწაზე თავით დაცემის გამო ქალა-ტვინის სერიოზული დაზიანება მიიღო.

გერასიმოსს უკვე ჩაუტარდა ორი რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ლარისის საავადმყოფოში. იგი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მისი ტრავმა ძალიან მძიმე და სერიოზულია. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად, რომელიც თვითონაც  მამაცურად იბრძვის სიცოცხლისათვის.

მედიკოსები ამბობენ, რომ ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია.

გერასიმოს-იასონასი სამგზავრო მატარებელში ლარისის რკინიგზის სადგურზე ავიდა, რამდენიმე წუთში კი კატასტროფა მოხდა. იგი თესალონიკში მიდიოდა, სადაც არისტოტელეს უნივერსიტეტში (ΑΠΘ) მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით, გერასიმოსი საუკეთესო სტუდენტია და გიტარაზეც უკრავს. შეჯახების მომენტში 20 წლის სტუდენტი სასადილო ვაგონში იმყოფებოდა სხვა ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც კატასტროფის შემდეგ ლითონის ამორფულ გროვად იქცა. როგორც აღვნიშნეთ, დარტყმის ძალამ იგი ფანჯრიდან მინდორში გადაისროლა, სადაც მაშველებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა კაცის გადარჩენისთვის მთელი საბერძნეთი ლოცულობს. მისი მეგობრები და ახლობლები ლარისის საავადმყოფოს სიახლოვეს ღამეებს ათენებენ და მეორე სასწაულის მოლოდინში არიან, რომელიც გვჯერა, რომ მოხდება და ახალგაზრდა კაცი გადარჩება.

გერასიმოსის მამა – საკის გეორგიადისი საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი პილოტია, ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე საკუთარი სამშობლოსთვის მსახურებას მიუძღვნა.

20 წლის სტუდენტის მამიდამ, ცნობილმა ბიზნესვუმენმა ოლგა გეორგიადიმ კი ყველა გააოცა თავისი პოსტებით Facebook-ში.

მან საკუთარ გვერდზე დაწერა: „დღეს ყველა პოლიტიკოსმა მოკეტეთ! დღეს შეშლილები ყვირიან…“

„ღვთისმშობელი მასთანაა“ მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად, რომლებიც მხარში უდგანან ოჯახს ამ მძიმე მომენტში, – ამბობს ბიჭის მამიდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close