ჯანმრთელობარჩევები

როგორ უნდა ვიკვებოთ მარხვაში? – ექიმების რჩევა

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დღეიდან სააღდგომო მარხვა დაიწყო – დიდი მარხვა აღდგომამდე 49 დღით ადრე იწყება და 16 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

მართლმადიდებელი ქრისტიანები მარხულობენ იმისთვის, რომ ქრისტეს მიმართ თავიანთი სიყვარული და პატივისცემა გამოხატონ, თუმცა მარხვას სამედიცინო მხარეც ახლავს – ამ დროს ორგანიზმი ზედმეტი ცხიმებისა და ქოლესტერინისაგან სუფთავდება. 

ეკლესიური სწავლებით ერთ-ერთი ვნებაა ნაყროვანება, რომელსაც სხეულისათვის სულზე არანაკლები ზიანი მოაქვს. გადამეტებული და უკონტროლო ჭამა-სმა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს, ჰიპერტონიულ დაავადებას, ათეროსკლეროზს, ინსულტს, ინფარქტს და ა.შ.

მოკლედ, ზედმეტი ჭამა-სმა ადამიანს ნაადრევად აბერებს და სიცოცხლეს უმოკლებს. წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, მარხვა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამ დროს ორგანიზმი იწმინდება და ჯანსაღდება. ალბათ ზოგიერთი იტყვის, ასე ხანგრძლივად ხორცსა და რძის პროდუქტებზე უარის თქმის გამო ორგანიზმს პროტეინები (ცილები) და ამინომჟავები აკლდებაო, მაგრამ ეს დეფიციტი მცენარეული ცილების საშუალებით ივსება.

მაგალითად, პარკოსნებში (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისში, თხილში, კაკალში, სოკოში უხვად არის ამინომჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები, რომლებიც ცილოვან პროდუქტებზე ადამიანის მოთხოვნას მთლიანად აკმაყოფილებს. უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების წყალობით ნაწლავთა პერისტალტიკა ძლიერდება და კუჭის მოქმედება წესრიგდება. ამასთანავე, ნახშირწყლებს ორგანიზმი ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი) იოლად ითვისებს. შესაბამისად, მის გადასამუშავებლად ნაკლები ენერგია იხარჯება.

მარხვის დროს საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას იძლევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ცხოველური ცხიმი დიდი ოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვთა გამტარობას ახშობს და მათ ელასტიკურობას ამცირებს, ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებას აყალიბებს.

ქოლესტერინი აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის – მისგან ბევრი საჭირო ნივთიერება სინთეზირდება, მაგალითად: ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი. ამიტომ გახსნილებისას ცხოველურ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს ვიღებთ, ხოლო მარხვისას ორგანიზმს ამ ნივთიერებისგან ვასვენებთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პროდუქტისგან თავის შეკავება სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. სამარხვო მენიუში შედის ყოველგვარი ბურღული, პური, სოია, პარკოსნები, სოკო, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ მიირთვან მურაბა, თაფლი, ჩირი, სამარხვო ნამცხვარი.

არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. როდესაც საკვები ნივთიერება სისხლში უხვადაა, გონებრივი აქტივობა მცირდება. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დანაყრების შემდეგ ადამიანი ითენთება და გონებრივი სამუშაოს შესრულება მის ძალებს აღემატება.

დაიმახსოვრეთ, რომ მარხვის დასრულების შემდეგ ძალიან სწრაფად არ უნდა ჩართოთ რაციონში ცხოველური წარმოშობის საკვები. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება ნელ-ნელა, მცირე ულუფებით უნდა დაიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმისთვის სტრესი გარანტირებული იქნება!

მოამზადა ნუცა ყაველაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close