ესპანეთის მთავრობა ინფლაციასა და მზარდ ფასებთან გასამკლავებლად, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და 10 თვის განმავლობაში მიმდინარე ომითაა გამოწვეული, დამატებით 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. ეს ანტიინფლაციური ზომების მესამე პაკეტია 2022 წელს, მთლიანობაში კი დახმარების საერთო მოცულობა მიმდინარე წელს 45 მილიარდს შეადგენს
მთავრობის ინიციატივა ითვალისწინებს დღგ-ს შემცირებას და ერთჯერადად 200 ევროს გადახდას დაახლოებით 4,2 მლნ ოჯახისთვის, რომელთა შემოსავალი წელიწადში 27 ათას ევროზე ნაკლებია. გათვალისწინებულია, აგრეთვე, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირება კიდევ ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გათიშვის აკრძალვა გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში. კვლავ სუბსიდირებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, 2023 წლის პირველ ნახევარში ისევ იმოქმედებს ფასდაკლებები აბონემენტზე.
ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ესპანეთში ნოემბერში 6,7 %-მდე შემცირდა, რაც ევროკავშირი ყველაზე დაბალია.
ინფლაციის შემცირებას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ფასის მკვეთრმა ვარდნამ, რომელიც ნოემბერში 22,4%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით.
თუმცა საკვები პროდუქტების ფასი კვლავ მაღალია და ოქტომბერსა და ნოემბერში 15%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებლებს.
მთავრობის განცხადებით, 4-0 პროცენტამდე შეამცირებს დღგ-ს გადასახადს კვების ძირითად კვების პროდუქტებზე, როგორიცაა: პური, რძე, ყველი, კვერცხი, ხილი, ბოსტნეული და ბურღულეული.
სანჩესის თქმით, დღგ-ს გადასახადი მაკარონის ნაწარმსა და კულინარიულ ცხიმებზე 2-ჯერ შემცირდება, 5%-მდე; 12 თვით გაგრძელდება სუბსიდიები მგზავრებისთვის საგარეუბნო ზონის მატარებლებით მგზავრობის შემთხვევაში, აგრეთვე, საიჯარო გადასახადის ზრდის შეზღუდვა.
ამ ზომებით მთავრობა აპირებს, დაიცვას საშუალო კლასი და დასაქმებულები უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის პირობებში.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეწყდება ბენზინზე ფასდაკლება მომხმარებლებისთვის, ავტოსატრანსპორტო სექტორის გარდა.
პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ამ დრომდე განხორციელებულმა დახმარებამ ესპანეთს შესაძლებლობა მისცა, მიმდინარე წელს ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაეფიქსირებინა – 5%-ზე მეტი, რაც მთავრობის წინა პროგნოზზე – 4,4%-ზე მაღალია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები