„დედა ჩემთვის გაემგზავრა ემიგრაციაში. არის მიზანი, რის მიღწევაშიც უნდა დამეხმაროს“ – „პრაიმ ჰაუსის“ თამაზა
„პრაიმ ჰაუსის“ თამაზა „პრაიმტაიმთან“ პირდაპირ ამბობს, რომ პოპულარობა რეალით შოუმდეც არ აკლდა, ადამიანების გარკვეულ ნაწილში მანამდეც ცნობდნენ, თუმცა ახლა ბევრად პოპულარული სახეა.
თამაზა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში დაიბადა. თუ რატომ ჰქვია თამაზა და არა თაზო, ამაზე თვითონ ჰყვება…
თამაზა: თამაზას პაპაჩემს ეძახდნენ. ქსოვრისში ცხოვრობდა და მე რომ დავიბადე, ის უკვე ორი წლის გარდაცვლილი იყო. სურდა, რომ ერთ-ერთ შვილიშვილს მისი სახელი რქმეოდა, მე დამარქვეს და მომწონს თამაზა. მე თუ მკითხავთ, სახელზე მნიშვნელოვანი თავად პიროვნებაა. რა მნიშვნელობა აქვს, რა გერქმევა.
როგორი ვარ? დაფიქრებულ გადაწყვეტილებას ვიღებ ყოველთვის და ბუნებრივია, გადადგმულ ნაბიჯს არც ვნანობ ხოლმე. პოპულარობაზე ორიენტირებული არ ვარ. როგორც „პრაიმ ჰაუსში“ ვიქცევი, მომწონს.
პროექტის შემდეგ? ჩემს სამსახურს დავუბრუნდები, ხორცპროდუქტების ცნობილი ბრენდის განვითარების მენეჯერი ვარ. ყველა შემოთავაზებას განვიხილავ, დამატებით სამსახურზე უარს არ ვიტყვი.
მზადება? მზადებაც მიყვარს და ჭამაც. რაც გემრიელია, ყველაფერს გეახლებით. გუშინ მაგარი „პეროგი“ გამოვაცხვე. უგემურიაო, შეროზიამ, მაგრამ ოთხი ნაჭერი გემრიელად მიირთვა. ცომეული კარგი გამომდის. მაგალითად, ხაჭაპურსაც ვაცხობ. არ არსებობს კერძი, მოვინდომო და ვერ გავაკეთო.
ოჯახზე? დედა იტალიაშია წასული. ჩემი ოჯახი სოფელში ცხოვრობს. მე სტუდენტობის დროს მარტო ცხოვრებამ მიმაჩვია მზადებას.
ქსოვრისში ხშირად ჩავდივარ. ბებიას ძალიან უყვარს კერძების მზადება. ბავშვობიდან გვრთავდნენ სახლის საქმეებში: სადილს ერთად ვამზადებდით, სახლს ერთად ვალაგებდით, სუფრას ერთად ვშლიდით. სახლში ბევრი კაცი ვართ, ბებია ერთია, დედა სულ მუშაობდა და ამიტომ მიჩვეული ვარ ყველა ტიპის საქმეს.
ბებიამ გემრიელი წვნიანები იცის და მისგან ვისწავლე ძალიან კარგი ხორციანი წვნიანის მომზადება. ხაჭაპური, „პეროგი“ მისგან მაქვს ნასწავლი.
დედა? ჩემს დასახმარებლად გაემგზავრა ემიგრაციაში. ცხოვრებამ მოიტანა. ყველა დასაქმებული ვართ სახლში, მაგრამ არის მიზანი, რის მიღწევასაც ვცდილობ და დედა მეხმარება.
იცით, მატერიალისტი არ ვარ. 20 ლარიც მაბედნიერებს და 200 ლარიც. მაგრამ თუ 2 ათასი ლარი მექნება, კარგი დახარჯვაც ვიცი.
primetime.ge
კომენტარები