ქეთი მელუა დედა გახდა
ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ქეთი მელუა დედა გახდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი პოსტიდან ირკვევა, პატარას სანდრო დაარქვეს. ახალბედა დედა 38 წლისაა.
„ეს იყო საუკეთესო თვე. ახლა სანდროს მშობლები ვართ, ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს, ასეთი ძლიერი სიყვარული ჯერ არ მიგრძნია, არც ასეთი ძლიერი დაღლა! ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის და საოცარ პატივს ვცემ მარტოხელა დედებს. მაგრამ ეს ჩახუტება განსხვავებულია…“ – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.
ქეთი მელუას პირად ცხოვრებაზე ბოლო წლებში მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა. იწერებოდა, რომ მომღერალი ქმარს, მოტომრბოლელ ჯეიმს ტაუზლენდს დაშორდა. წყვილმა გაყრა ოფიციალურად 2020 წელს დაადასტურა. მომღერლის ორსულობის შესახებ 4,5 თვის წინ, 27 ივლისს გახდა ცნობილი – მან ამის შესახებ თავად დაწერა საკუთარ ფბ გვერდზე, თუმცა თავისი პარტნიორის და ბავშვის მამის ვინაობა არ გაამხილა არც აგვისტოში, ციურიხში, სადაც სცენაზე ვარდისფერი კაბით გამოვიდა, რომელშიც ფეხმძიმობა და მუცელი აშკარად ეტყობოდა.
ივლისის ბოლოს ambebi.ge-სთან მომღერლის პაპამ თქვა, რომ ქეთი მეორედ დაოჯახდა და მისი მეუღლე ნახევრად ქართველია, თუმცა, როგორც ჩანს, ქეთი და მისი პარტნიორი ოფიციალურად არ არიან დაქორწინებულები. ქეთი ბავშვის მამაზე ამჯერადაც არ საუბრობს.
2021 წელს მომღერალი ლეგენდარულ ჯგუფ Scorpions-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა.
2006 წელსვე ქეთი მელუას ალბომი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვად 87 ალბომს შორის მოხვდა. მისი სახელი ეწოდა ასტეროიდ 25131-ს, ამსტერდამელმა სელექციონერებმა კი ქეთი მელუას სახელობის ტიტა გამოიყვანეს, რომელსაც Tulipa Katie Melua ჰქვია.
2014 წელს გაზეთმა „სანდი თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა ცნობარი – Rich List 2014. უმდიდრეს ადამიანებს შორის მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა. იგი გაერთიანებული სამეფოს 30 წლამდე 50 უმდიდრეს ახალგაზრდას შორის დასახელდა. იმხანად მომღერლის ქონება 12 მილიონ ფუნტს შეადგენდა. მან იმავე წელს მეშვიდე ადგილი დაიკავა 30 წელზე ახალგაზრდა ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსებს შორის.
დღეისათვის ქეთი მელუას ქონება 20 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული (2022 წლის მაჩვენებელი).
ამავე თემაზე:
კომენტარები