მსოფლიოეკონომიკა

კრიზისი გერმანიაში ამ ზამთარს არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც ელოდნენ

სულ უფრო მეტი ინდიკატორი მოწმობს, რომ ევროპის უდიდეს ეკონომიკას მსუბუქი რეცესია ელოდება ღრმა ვარდნის ნაცვლად, სიტუაცია აშკარად სტაბილურდება

გერმანიის სტატისტიკური სამსახურის, Destatis-ის უახლოესი, 25 ნოემბრის მონაცემები ცხადყოფს, რომ გერმანიის ეკონომიკას ღრმა კრიზისი არ ემუქრება და ის, პრაქტიკულად, დაუბრუნდა კორონავირუსის პანდემიამდელ მდგომარეობას.

სტატისტიკური სამსახურის გამოთვლებით, 2022 წლის მესამე კვარტალში გერმანიის მშპ-მ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა (0,3%-ით) პანდემიამდელ, 2019 წლის მეოთხე კვარტლის (კრიზისამდელ ბოლო 3-თვიან) მაჩვენებელს. ეს რიცხვები, რა თქმა უნდა, გასუფთავებულია ინფლაციის, აგრეთვე, კალენდარული და სეზონური ფაქტორებისგან და საქმე არ არის ფასების ზრდასა და სამუშაო დღეების მატებაში, არამედ წარმოებული საქონლისა და მომსახურებების მოცულობა რეალურად გაიზარდა.

წლიური თვალსაზრისით, მშპ 1.3%-ით გაიზარდა 2021 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით და ეს საკმაოდ კარგი ტემპია მაღალგანვითარებული ეკონომიკისთვის, მაგრამ არც თუ ისე მაღალი პანდემიით გამოწვეული რეცესიის შემდეგ. თუმცა დამკვირვებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ზრდამ ბოლო ორი კვარტლის მიხედვით. Destatis-ის სტატისტიკის მიერ დამუშავებული მონაცემების თანახმად, გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი მე-3 კვარტალში 2022 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა (თავდაპირველი შეფასება იყო 0,3%).

ამრიგად, გერმანულმა წარმოებებმა ივლისიდან სექტემბრამდე, აპრილ-ივნისთან შედარებით, საქონლისა და მომსახურების წარმოება და ექსპორტი გაზარდეს – მიუხედავად იმისა, რომ გაზის კრიზისმა მე-3 კვარტალში პიკს მიაღწია.

წარმოება გერმანიაში გაზის რეკორდული ფასის პირობებშიც კი იზრდებოდა

ცნობილი მოვლენების გამო წარმოქმნილი გაზმომარაგების პრობლემებისა და გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიუხედავად აგვისტოში (ათასი კუბური მეტრი გაზის ფასი 3500 დოლარზე ავიდა) გერმანულმა წარმოებამ და მთლიანად ეკონომიკამ, როგორც აღმოჩნდა, მაინც შეძლო, გაზრდილიყო. ამჟამად, მეოთხე კვარტალში გაზის ფასი 1200-1300 დოლარამდე შემცირდა (1000 კუბური მეტრის), რაც აგვისტოში არსებული ფასის თითქმის მესამედია, ხოლო  ბოლომდე შევსებული მარაგები საცავებში არსებითად ამცირებს იმის ალბათობას, რომ გაზის ფასი ისევ პიკურად გაიზარდოს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის იმის უტყუარი გარანტია, რომ ეკონომიკის დადებითი დინამიკა გაგრძელდება, თუმცა, სულ ცოტა, იმის ალბათობას ამცირებს, რომ გერმანიის ეკონომიკა ოქტომბერი – დეკემბრის პერიოდში ძლიერად შენელდება.

ბიზნესგანწყობების ინდექსის მიხედვით მდგომარეობა ოპტიმისტურია, ამას მოწმობს მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი ifo, რომელიც მრავალი წელია, ყოველთვიურად ახდენს 9 000 საწარმოს ანკეტირებას, ამიტომ ინდექსი საკმაოდ სარწმუნო ბარომეტრად მიიჩნევა გერმანიის ეკონომიკის მდგომარეობის შესაფასებლად. 24 ნოემბერს ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ნოემბრის მაჩვენებელი ოქტომბერთან შედარებით გაიზარდა. „გადამამუშავებელ წარმოებაში ინდექსი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წარმოებების მოლოდინი მომავალ თვეებში მნიშვნელოვნად ნაკლებად პესიმისტურია, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ifo-ს დირექტორმა, პროფესორმა კლემენს ფიუსტმა (Clemens Fuest).

ამავე დროს, შესამჩნევად გაუმჯობესდა კლიმატი მომსახურების სფეროშიც, თანაც, ფიუსტის თქმით, „მოლოდინები მნიშვნელოვნადაც კი გაუმჯობესდა“. „რეცესია, აშკარად, იმაზე ნაკლებ ღრმა იქნება, ვიდრე ველოდით“, – ასკვნის პროფესორი.

დასრულდა სამომხმარებლო კლიმატის გაუარესებაც. Destatis-ის ანგარიშის თანახმად მესამე კვარტალში, მომხმარებელთა ხარჯები (ცხადია, ინფლაციისგან, კალენდარული და სეზონური ფაქტორებისგან გასუფთავებული) მეორე კვარტალთან შედარებით რეალურად გაიზარდა, 1%-ით. ერთპროცენტიანი ზრდა ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან მცირედ მოგვეჩვენოს, თუმცა თანამედროვე პოსტინდუსტრიულ ეპოქაში სამომხმარებლო სექტორის გიგანტურ მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რატომ დაასახელეს სტატისტებმა ინდივიდუალური მოხმარება გერმანიაში ეკონომიკის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად.

უახლოეს მომავალში ასეთი ტრენდი, როგორც ჩანს, შენარჩუნდება – ამაზე მეტყველებს კომპანია GfK-ს მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული მომხმარებელთა განწყობების ინდექსი.

გამოჩნდა ინფლაციის შენელების პირველი ნიშნებიც. ბენზინის და დიზელის გაიაფება გერმანიის მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ყველაზე აშკარა ნიშნებია იმისა, რომ მრავალ ათწლეულთან შედარებით ფასების რეკორდული ზრდა შესაძლოა დასასრულს უახლოვდება, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი იაფდება კიდეც.

21 ნოემბერს Destatis-მა გამოაქვეყნა მაჩვენებელი, რომელიც მოწმობს, რომ პირველად ბოლო 2,5 წლის განმავლობაში გერმანიაში მწარმოებლებმა ფასები შეამცირეს: ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით ფასები საშუალოდ 4%-ზე მეტით შემცირდა, რაც, ცხადია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ინფლაციის დასრულებას, თუმცა მისი დასრულების დასაწყისი კი შეიძლება იყოს.

ინფლაციის სავარაუდო შენელების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად ალბათ უნდა ჩაითვალოს ენერგორესურსების საბირჟო კვოტების შემცირება: ბუნებრივი აირის შემდეგ, რაზეც ზემოთ უკვე ვთქვით, ევროპაში ნავთობიც იაფდება. თუ ეტალონური ევროპული ბრენდის, Brent-ის ერთი ბარელი ნავთობი ივლის-აგვისტოში საშუალოდ 100 დოლარზე მეტი ღირდა, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში –  90-დან 100 დოლარამდე, ნოემბრის ბოლოს მისი ფასი 80-90 დოლარის ფარგლებში იყო.

გარდა ამისა, სექტემბრის ბოლოდან სტაბილურად იზრდება ევროპული ვალუტის – ევროს კურსიც დოლართან შედარებით (ერთი ევროს ფასი  0,96 ნიშნულიდან 1,04 აშშ დოლარამდე გაიზარდა). რამდენადაც ენერგომატარებლების საფასურის გადახდა, ძირითადად, ამერიკულ ვალუტაში – დოლარში ხდება, უფრო ძლიერი ევრო ხელს უწყობს იმპორტირებული ინფლაციის შემცირებას.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გერმანელი ექსპერტები ასკვნიან, რომ კარს მომდგარ ზამთარში ქვეყანა რეცესიას თავიდან ვერ აიცილებს, თუმცა კოლაფსი ნამდვილად არ იქნება. სხვადასხვა პროგნოზით, ზამთარში გერმანიის ეკონომიკა 0,2%-ით (ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი), 0,5%-ით (არც ისე პესიმისტური პროგნოზი) ან, ყველაზე პესიმისტური მოლოდინით (ბანკი KfW), 1%-ით შემცირდება. შედარებისთვის, 2020-ში, პანდემიის პირველ წელს გერმანიის ეკონომიკა თითქმის 5%-ით შემცირდა.

წყარო: DW

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close