მსოფლიოპოლიტიკა

პოლონური მედიიის ცნობით, რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა, პოლონეთის პრემიერმა უშიშროების საბჭო მოიწვია

პოლონური მედიასაშუალებები ავრცელებენ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.

როგორც მედია წერს, რამდენიმე საათის წინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. უშიშროების საბჭოს შეკრების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ პრემიერმა სხდომა რუსული რაკეტების ჩამოვარდნის გამო დანიშნა.

Radio Zet-ის კორესპონდენტის არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთიდან ნასროლი ორი რაკეტა უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე პოლონეთის ერთ-ერთ დასახლებაში ჩამოვარდა. ვრცელდება ცნობა, რომ შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის ჩავარდნა „ასოშიეითიდ პრესს“ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა დაუდასტურა, თუმცა ანონიმურად. პენტაგონში კი განაცხადეს, რომ ამ დროისთვის არ ფლობენ ინფორმაციას პოლონეთში რუსეთიდან რაკეტების ჩავარდნის შესახებ. ასევე, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი  პოლონელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

პოლონეთს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ინციდენტი რუსეთთან არის დაკავშირებული. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა სამშაბათს საღამოს განაცხადა, რომ „ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც დღეს კომიტეტს წარუდგენენ, მოგვიანებით შეძლებისდაგვარად სრულად ამცნობენ საზოგადოებას“.

რაკეტების შესახებ ინფორმაცია ტვიტერში დაადასტურა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა, რომელმაც ვარშავას სამძიმარი გამოუცხადა.

„აღარ არის „წითელი ხაზები“, აღარ არის შეზღუდვები უკრაინის იარაღით მომარაგებაზე. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საოკუპაციო ძალების ყოფნა უკრაინის ტერიტორიაზე“, – დაწერა ტვიტერში ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიევიჩუსმა.

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩანიშნა. ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლთან კოვაჩი ტვიტერზე ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს. „არანაირი თავდასხმა უკრაინასთან ახლოს, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან არ განხორციელებულა“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე მტკიცებით, მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებში ასახულ ტექნიკას არაფერი აქვს საერთო რუსულ შეიარაღებასთან.

სამშაბათს, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინაში უძლიერესი სარაკეტო დარტყმები განახორციელა.

კიევში, სულ ცოტა, ორი აფეთქების ხმა გაისმა, სარაკეტო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის ყველა საოლქო ცენტრი. უკრაინის ხელისუფლების თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურას კრიტიკული ზიანი მიადგა. უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ინფორმაციით, 7 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სარაკეტო დარტყმები განხორციელდა რამდენიმე საათის გასვლიდან მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიაში, ბალიზე შეკრებილ G20-ის ქვეყნების ლიდერებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. როგორც ცნობილია, პუტინის ნაცვლად ბალიზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა. შესაძლოა, უკრაინაზე რუსეთმა დღეს ყველაზე მასშტაბური ერთდროული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ომის დაწყების შემდეგ.

უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს, – შესაბამისი განცხადება მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მიულერმა უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მიულერის თქმით, მთავრობამ ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.

მიულერმა დაადასტურა, რომ აფეთქებების გამო დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, მთავრობა განიხილავდა მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატოში კონსულატაციების დაწყებას გულისხმობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტვიტერში დაწერა, რომ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას ესაუბრა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო. „ნატო სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს გადიან. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს“, – წერს სტოლტენბერგი.

„სიენენი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს საათებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ფლობს ინფორმაციას პოლონეთში განვითარებული მოვლენების შესახებ და ამ საკითხთან დაკავშირებით ანჯეი დუდასთან ისაუბრებს.

მოამზადა ნინო ხოშტარიამ

სტატია განახლებულია 16 ნოემბერს, 03:00 სთ-ზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close