საბერძნეთი: უპრეცედენტო უამინდობა კრეტაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)
სასტუმროები დაიკეტა, ტურისტებმა სასწრაფოდ დატოვეს კუნძული
ძლიერმა უამინდობამ კრეტაზე ორი ადამიანი იმსხვერპლა და დიდი ზარალი მიაყენა ირაკლიონის პრეფექტურას.
გასულ შაბათს უძლიერესი შტორმის გამო აგია პელაგიას სასტუმროები უზარმაზარი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ტურისტები იძულებულები იყვნენ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ თავიანთი ნომრები. „ორი სასტუმრო დაიკეტა უამინდობის კატაკლიზმების გამო. პრობლემური სასტუმროებიდან ტურისტები სხვა უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს. დაახლოებით 250 ადამიანი (150 – ერთი სასტუმროდან, 100 – მეორიდან)“, – განაცხადა ოტელიერების კავშირის პრეზიდენტმა ნიკოს ხალკიადაკისმა.
ტურისტებს, რომლებიც აგია პელაგიაში ოჯახებით იყვნენ, თავიანთი პატარა შვილები მხარზე შესმულები გაჰყავდათ, რათა ისინი ტალახში არ გასვრილიყვნენ და არ დაშავებულიყვნენ ნაგვით სავსე ჩახერგილ ბილიკზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სანაპირო შოსე იყო.
ტურისტების მხრივ დიდი პრობლემა შეიქმნა ირაკლიონის აეროპორტში. უამინდობის დაწყებისთანავე „ნიკოს კაზანძაკისის“ აეროპორტი დაიკეტა, ზოგიერთი რეისი ხანიაში გადამისამართდა, ზოგი თვითმფრინავი უკან, ათენში გააბრუნეს. ირაკლიონის აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მწყობრიდან გამოსული და რეისების უზარმაზარი ნაკადი დაგროვდა.
დილის 3 საათის შემდეგ, როდესაც აეროპორტმა მუშაობა განაახლა, მალევე იქ ათასობით მომლოდინე ტურისტმა მოიყარა თავი.
„წარმოუდგენელი სიტუაციების წინაშე აღმოვჩნდით. იყო მომენტი, როდესაც აეროპორტის შესასვლელთან 2000-მდე ტურისტი მოგროვდა, ხოლო 15 თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე გაიჭედა… კაპიტნის ოფისიც კი გავხსენით, რათა ტურისტები შეგვეშვა და დაესვენათ“, – თქვა კრეტის ტურიზმისა და მოგზაურობის სააგენტოს პრეზიდენტმა მიხალის ვლატაკისმა.
მისივე თქმით, დილისკენ საცობები აღმოიფხვრა. „ყველაფერი გავაკეთეთ შესაძლებლობების ფარგლებში. ეს იყო გამოცდილება, რომლის განმეორებასაც არ ვისურვებდით“, – აღნიშნა მან.
კრეტის ტურისტული სააგენტოების მონაცემებით, ტურისტები გაგებით მოეკიდნენ იმ სიძნელეებს და დისკომფორტს, რომლის გადატანაც მოუწიათ უამინდობის გამო.
„ადამიანებმა განმაცვიფრეს. არ ყოფილა არ ყვირილი, არც პროტესტები…“ – განაცხადა მიხალის ვლატაკისმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს, დილის 11-ის ნახევრიდან ირაკლიონის პრეფექტურას (კრეტა, საბერძნეთი) ძლიერი წვიმები დაატყდა თავს, ძირითადად, აგია პელაგიასა და ლიგარიაში. წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც პრეფექტურას უზარმაზარი ზარალი მიაყენა.
ორივე ქალაქში ნგრევის საშინელი სურათი იყო: მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომობილები (ზოგიერთი ზღვაში ჩაიტანა), ხოლო ქუჩები მდინარეებად გადაიქცა და ტალახში ჩაეფლო. დაიტბორა ირაკლიონის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლიც. კრეტის ჩრდილოეთ ნაწილში (კერძოდ, აგია პელაგიაში) საშინლად დაინგრა გზები როგორც ძლიერი წვიმის, ისე მეწყრების გამო.
ძლიერ უამინდობას კრეტაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – 45 წლის ქალი, 2 შვილის დედა და 50 წლის მამაკაცი, რომლის მანქანაც წყლის ძლიერმა ნაკადმა წაიღო და მამაკაცი შიგნით იპოვეს გარდაცვლილი. ქალი იმავე მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა იგი მეორე დღეს შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, აგია პელაგიასა და ლიგარიას შორის ყურეში იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ქმრის თქმით, იგი ცოლს უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ელაპარაკა მობილურით და ქალმა უთხრა, რომ წყალმა მანქანის ფანჯრებამდე მიაღწია, რის გამოც ფანჯრები დაკეტეს, შემდეგ კი მობილური კავშირი გაწყდა.
ქალის ცხედარი სახანძრო სამსახურის დრონმა აღმოაჩინა.
საოცარი სანახაობა – ქარბორბალა კრეტაზე
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები