ეკონომიკა

ევრო დოლართან მიმართებით ვარდნას განაგრძობს – მიზეზები და პროგნოზები

23 სექტემბერს ევრომ დოლართან მიმართებით კიდევ ერთ 20-წლიან მინიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც ევროზონის კომპანიების საორიენტაციო კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესაქტივობამ ბოლო 20 წლის მანძლზე ყველაზე დიდი შეკუმშვა განიცადა, ხოლო ივნისის შემდეგ ფასები ყველაზე მკვეთრი ტემპით იზრდება. ამჟამად, 1 ევროს ღირებულება 0.98 დოლარია. 

„სტაგფლაციური შოკი რეალურია და ის ძლიერდება“, – თქვა კლაუს ვისტესენმა, Pantheon Macroeconomics-ის ეკონომისტმა.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ზაფხულის დასაწყისიდან საპროცენტო განაკვეთი 125 საბაზისო პუნქტით 0.75%-მდე გაზარდა. ექსპერტების ვარაუდით, ბანკი ოქტომბრისა და დეკემბრის შეხვედრებზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო მეტად გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს.

გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, ერთი მხრივ, ინფლაციის შემაკავებელი ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, ვალუტის გამყარებას უწყობს ხელს, რადგან თანხის იმ ბანკებში განთავსება, სადაც უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, ინვესტორებისთვის უფრო დიდ უკუგებას იძლევა, ვიდრე ისეთი რეგიონის ბანკებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 1%-მდეა, მაგალითად, ევროზონაში.

თუმცა, მონეტარული პოლიტიკის სწრაფი და ხისტი გამკაცრება ხშირად რეცესიის პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკს ფრთხილად და თანმიმდევრულად მოქმედება მოუწევს, რათა ინფლაციის შესაკავებელი და ვალუტის გასამყარებელი ბერკეტი სწორად გამოიყენოს.

Deutsche Bank-ის ეკონომისტებმა ამ კვირაში შეამცირეს თავიანთი ზრდის პროგნოზები და განაცხადეს, რომ ენერგეტიკულმა კრიზისმა უკვე გამოიწვია ევროზონის ეკონომიკის შეკუმშვა და იწინასწარმეტყველეს, რომ ის მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან 2023 წლის მეორე კვარტლამდე კუმულაციური 3%-ით შემცირდება.

რეცესიის რისკზე საუბრობს S&P Global-ის მთავარი ბიზნესეკონომისტიც, კრის უილიამსონი. მისი თქმით, გამოკითხვის პერსპექტიული ინდიკატორები ევროზონის მკვეთრ ეკონომიკურ ვარდნაზე მიუთითებს, რაც რეგიონის რეცესიაში ჩავარდნის ალბათობას ზრდის.

24 თებერვლიდან დღემდე ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების დაახლოებით 12% დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.

მაღალია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში ევრომ გაუფასურებას განაგრძოს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დიდწილადაა დამოკიდებული, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და არასტაბილური ფასები კი ინვესტორებისთვის ევროს ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close