„ეს ქართული დროშაა! ისინი ქართველები არიან! ეს ხალხი კვარას სამშობლოდანაა!“ – რას წერს ქართველი ემიგრანტი, რომელიც „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დაესწრო
პირველად რომ წააქციეს მუხანათურად, იტალიურად შევყვირე, ვაიმე, შვილო-მეთქი და გვერდიდან „მილანის“ ფანი მომვარდა აღტაცებით: - კვარა თქვენი შვილია?!
მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, Merani TV-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი მელი თურმანიძე, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში პირველად დაესწრო საფეხბურთო მატჩს (18 სექტემბერს, „მილანის“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას) ხვიჩა კვარაცხელიას გამო, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს იმაზე, თუ როგორ რეაგირებდნენ „სან სიროს“ სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები საქართველოს დროშის და ქართველები დანახვაზე:
„ჩემთვის ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, რადგან არასდროს არცერთი ჯგუფის მიმდევარი არ ვყოფილვარ და არც ფეხბურთს ვუყურებ.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი ნებით მატჩის სანახავად წავიდოდი.
წავედი!
წავედი და ასე ძალიან ალბათ არასდროს ვყოფილვარ საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერი!
შესასვლელში კონტროლი „ნაპოლის“ ფანი აღმოჩნდა, მომიახლოვდა და მითხრა: – დროშა დამალეთ, ქალბატონო, თორემ შესასვლელში დაგატოვებინებენ. მისი საქციელით გაოცებული, პირღიად მივაჩერდი, ეშმაკურად გადმომხედა და „Forza Kvara!“-ო, რომ მითხრა, ეგრევე მივხვდი, რაღაცნაირად ზღაპრულ სამყაროში გადავაბიჯე, ამ ბიჭის წყალობით.
სანამ თამაში დაიწყებოდა, ჯერ კიდევ მანამ დაიწყო… ქართული დროშა ყურადღების ცენტრში იყო უწყვეტად, გვესალმებოდნენ, გვემადლიერებოდნენ, ინტერვიუებს გვთხოვდნენ…
როგორც იქნა, ჩვენი ადგილი დავიკავეთ და ემოციების ზღვაში გადავეშვით.
პირველად რომ წააქციეს მუხანათურად, იტალიურად შევყვირე, ვაიმე, შვილო-მეთქი და გვერდიდან „მილანის“ ფანი მომვარდა აღტაცებით: – კვარა თქვენი შვილია?!
– კვარა ჩვენი შვილია, – ვუპასუხე სევდით…
ხაზგასმით ვამბობ, აღტაცებით ვინც გამესაუბრა ამ ჯადოსნურ ბიჭზე, „მილანის“ ფანი იყო, „მილანის“ გუნდის მაისური ეცვა!
ძალიან ბევრჯერ მომისმენია ფეხბურთის მიმდევართა სიგიჟეზე, დაუნდობლობაზე, სიუხეშეზე. სტადიონზე მიმავალი კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს: – მელ, ეს კონცერტი ნუ გგონია! ეს ფეხბურთია! ფრთხილად იყავი!
თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ, როცა „მილანის“ მიმდევრებით გარშემორტყმული აღმოვჩნდით სამი ქართველი, ცოტა შიშმა ამიტანა, თუმცა მალე მივხვდი, ამის საჭიროება არ არსებობდა.
– ეს ქართული დროშაა!
– ისინი ქართველები არიან!
– ეს ხალხი კვარას სამშობლოდანაა! – მესმოდა უწყვეტად და ნეტავ, იცოდეთ, როგორი ამაყი ვიყავი!
ამაყი ისე, როგორც მთელი ემიგრაცია! თავაწეული, ერთდროულად მშვიდი და ენერგიით სავსე, ქართული ემიგრაცია!
ემოციის ტალღა ნეაპოლის გუნდის გამარჯვების მერე კიდევ უფრო დიდი იყო, სტადიონიდან გამოსულებს ბათუმიდან ჩამოსული „დინამო“ ბათუმისა და კვარს მიმდევრები გადაგვეყარენ, რომლებთანაც უცხო სტუმრების გარეშე სურათის გადაღება ვერ შევძელით, – ვინ აღარ ჩერდებოდა ქართულ დროშასთან: ფრანგები, ინგლისელები, ავსტრიელები და, რა თქმა უნდა, იტალიელები!
ამაყები ვიყავით, აბა რა!
დიდი უცნაური ბუნება გვაქვს ქართველებს, არსად დამკვიდრება არ გვიჭირს, თუმცა იმხელა ნაღველი გვადევს მხრებზე სამშობლოს დარდით და მონატრებით სავსე, მშვიდად და იმედიანად ცხოვრებას ვერც კი ვისიზმრებთ!
2006 წელს, როცა პირველად აღმოვჩნდი მილანში, „თიფლისი“ და კალაძე იცოდა თითო-ოროლამ, ამდენივემ – შევარდნაძე… სტალინი ბევრს რუსი ეგონა.
სწორედ იმ ქართველმა ქალებმა ჩაუყარეს მყარი საძირკველი საქართველოზე ცნობიერებისა სახელის გაზრდას, რომლებიც ჩუმად, სევდიანები და გულთვალცრემლიანები შრომობენ სხვის ოჯახებში საკუთარის გადასარჩენად! ჰოდა, ამ ურყევ საძირკველზე პატარა, საოცარმა ბიჭმა უზარმაზარი ნათელი დააშენა!
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, დაღლილ, ქანცგალეულ, იმედგადაწურულ ემიგრაციას ემოციის ცუნამი გადმოასხა თავს, ენერგიით აავსო, ცრემლი დაუშრო და გააღიმა!“ – წერს ფეისბუქზე მელი თურმანიძე.
შეგახსენებთ, რომ კვირას, 18 სექტემბერს იტალიის სერია A-ს მე-7 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მილანის „სან სიროს“ სტადიონზე სტუმრად ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ დაამარცხა ანგარიშით 2:1. ამ გამარჯვებაში ქართველმა ლეგიონერმა დიდი წვლილი შეიტანა – პირველი გოლი ხვიჩას წყალობით გავიდა, რომელმაც პენალტის უფლება მოიპოვა. ასევე, კვარაცხელიამ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც მის შეჩერებას უხეში თამაშით ცდილობდნენ, 3 ყვითელი ბარათი მიაღებინა. ამ მოგებით „ნაპოლი“ 17 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა, ხოლო „მილანმა“ 23-მატჩიანი წაუგებელი თამაშის შემდეგ პირველი მარცხი იწვნია.
ქართველი ლეგიონერი გუშინ თბილისში ჩამოვიდა საქართველოს ნაკრების შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად.
კომენტარები