მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის აღმოსავლეთში მატარებელი ხანძარში მოყვა, ხანძარს ებრძვიან სამხრეთ ნაწილშიც

ესპანეთის აღმოსავლეთში ხანძარში მატარებელი მოყვა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

მატარებელი ვალენსიიდან სარაგოსისკენ მიემართებოდა და ბეჟისის დასახლების გავლისას ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ალში გაეხვია.

მედიის ცნობით, პაიკაში მყოფმა მგზავრების ნაწილმა, მძღოლის მოწოდების მიუხედავად, მატარებელი დატოვა. მძღოლმა მატარებლის ხანძრიდან გაყვანა უკუსვლით შეძლო. შემთხვევის დროს მატარებლით 48 ადამიანი მგზავრობდა.

მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან ესპანეთის სამხრეთ ნაწილშიც, ცეცხლი 10 ათას ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძარი ვალენსიის რეგიონში, ალიკანტეს პროვინციაში გასულ შაბათს გაჩნდა და მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.

ვალენსიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩასაქრობად 300-მდე მეხანძრე, 24 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია მობილიზებული.

„უმძიმესი ვითარებაა. ხანძარი უზარმაზარ სირთულეებს ქმნის, რომელთა დაძლევა შეუძლებელია იმ სისწრაფით, რომელიც გვსურს“, – განაცხადა ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების ხელმძღვანელმა ხოაკინ პუიგმა.

ძლიერი სიცხის გამო მიმდინარე წელს ესპანეთში 391 ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელთა შედეგად 271 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე განადგურდა. ესპანეთისთვის წლევანდელი ხანძრები ყველაზე გამანადგურებელია 2006 წლის შემდეგ, როდესაც ამ მხრივ რეკორდი დამყარდა. ამ დროისთვის ესპანეთი ტყის ხანძრებისგან ყველაზე ძლიერაა დაზარალებული ევროპის ქვეყნებს შორის,

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close