მსოფლიოკრიმინალი

ნიუ-იორკში „სატანური ლექსების“ ავტორს სალმან რუშდის თავს დაესხნენ (ვიდეო)

მწერალი სალმან რუშდი, რომელთა მიმართებაშიც ირანის მაშინდელმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ 1980-იანი წლების ბოლოს ფეტვა – სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, აშშ-ში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. პოლიციის ინფორმაციით, იგი კისერშია დანით დაჭრილი, მწერლის აგენტის, ენდრიუ უაილის თქმით, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

თავდასხმა 12 აგვისტოს ნიუ-იორკში, ჩაუტაუკის ინსტიტუტში მოხდა. 75 წლის მწერალი მაშინ დაჭრეს, როცა შეხვედრაზე ლექციის კითხვის დაწყებას აპირებდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო თავდასხმის შემდეგ პირველი წუთების კადრებით.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მწერალს შავნიღბიანმა, შავებში ჩაცმულმა უცნობმა მუშტით ან დანით რამდენიმე დაზიანება მიაყენა კისრის არეში. მწერალი დაეცა, მის საშველად დარბაზში მყოფი ადამიანები მიცვივდნენ, რომლებმაც თავდამსხმელის დაკავებაშიც გაუწიეს დახმარება დაცვას. მის ვინაობას ჯერჯერობით არ აცხადებენ.

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრის წამყვანმა ჰენრი რისმაც თავის მცირე ტრავმა მიიღო.

„რუშდის კისრის არეში აქვს მიყენებული ჭრილობა, იგი ვერტმფრენით გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინდური წარმოშობის (დაიბადა მუმბაიში 1947 წელს) ბრიტანელი ინგლისურენოვანი მწერალი სალმან რუშდი რამდენიმე რომანის ავტორია, მათ შორის, „სატანური ლექსების“, რომელიც ბევრმა მუსლიმმა ღვთისმგმობ ნაწარმოებად მიიჩნია. 1988 წელს ირანის ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ ფეტვა-ბრძანებულება გამოსცა, რომ რუშდი მოეკლათ და არა მარტო რუშდი, არამედ ყველა, ვინც ამ რომანის გამოცემასთან იყო კავშირში.

„ბატონი რუშდი ამბობდა, რომ ამ წიგნში, ძირითადად, უნდოდა ემიგრანტის ცხოვრება ეჩვენებინა, მაგრამ ზოგიერთი მუსლიმი შეურაცხყოფილი დარჩა მასში აღწერილი წინასწარმეტყველ მუჰამედით და იმით, რომ ავტორმა ეჭვი შეიტანა ყურანის ღვთაებრიობაში“, – განმარტავს „ბიბისის“ რედაქტორი რელიგიურ საკითხებში ალიმ მაკბული.

რუშდი 9 წლის განმავლობაში იმალებოდა, სანამ 1990-იანი წლების ბოლოს ირანის ახალმა მმართველებმა არ გამოაცხადეს, რომ 1989 წელს გარდაცვლილი აიათოლა ჰომეინის ფეტვა ძალადაკარგული იყო.

თუმცა არაოფიციალურ დონეზე ფეტვა მოქმედი დარჩა. რუშდის მოკვლისთვის ირანის ერთ-ერთ ისლამურ ფონდს 3,3 მლნ დოლარი ჯილდო აქვს გამოცხადებული.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close