„ძლიერი დიასპორა ძლიერ და წარმატებულ ემიგრანტებზე უნდა იდგეს“
„კარგი იქნება, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართველები უფრო შეკავშირდებიან და ძლიერ ლობისტურ ჯგუფებს შექმნიან. ხშირ შემთხვევაში ძლიერი დიასპორა გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ახალგაზრდა მკვლევარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძე. იგი ამჟამად გერმანიაში, ბრემენის უნივერსიტეტში, ევროპული ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტში მუშაობს, რომელიც, ძირითადად, ევროკავშირის წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს და ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებს იკვლევს. ახალგაზრდა მეცნიერი ასევე თანამშრომლობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან, რომელიც დღეს თავის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა საქართველოში და, ამავე დროს, არის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი ილიას უნივერსიტეტში. ბიძინა ლებანიძე ჩართულია, აგრეთვე, რამდენიმე საერთაშორისო კვლევით კონსორციუმში, რომელიც ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და ევროპული ინტეგრაციის გამოწვევებს იკვლევს.
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქართველი მკვლევარი გერმანიის მოქალაქე გახდა.
ბიძინა, გიფიქრიათ, რომ ოდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდებოდით?
ჩემთვის მსგავსი საკითხები რაიმე სენტიმენტებთან არ არის დაკავშირებული. ეს ყოველთვის პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არც პატრიოტულ ჭრილშია დიდი პრობლემა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ – პირიქით, ხშირ შემთხვევაში ძლიერი დიასპორა (თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ) გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
გერმანიაში, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოხვდით – როგორ? რაიმე კონკურსში გაიმარჯვეთ?
დიახ, სტუდენტობის დროს სხვადასხვა სტიპენდიით გერმანიაში ხშირად მიწევდა ყოფნა. მაგალითად, 2007 წელს საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია მივიღე და ნახევარი წლით გერმანიის ბუნდესტაგში გავდიოდი სტაჟირებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამი წელი ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის თბილისის ბიუროში ვმუშაობდი, შემდეგ სადოქტორო სტიპენდია მოვიპოვე და გერმანიაში წამოვედი დისერტაციის დასაწერად; მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.
გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება?
უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ყოველთვის ძნელია. სოციალური ურთიერთობები ყველგან თავისებურადაა აწყობილი და მათზე მორგება გიწევს. გერმანია, მოგეხსენებათ, ჩრდილოევროპული, პროტესტანტული მენტალობის ქვეყანაა. შესაბამისად, ინდივიდუალიზმს მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და კოლექტიური მენტალობა ისე არ არის განვითარებული, როგორც პოსტსაბჭოურ ქვეყნებში. მეორე მხრივ, არის ბევრი რამ, რასაც საქართველოში მოვისაკლისებთ – მაგალითად, სამართლებრივი სახელმწიფო და სოციალური კეთილდღეობა, რაც აქ მცხოვრებ ადამიანებს სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდას ანიჭებს. ასევე ხაზგასასმელია გერმანელების მეტი სამოქალაქო სოლიდარობა და პრაგმატიზმი.
რა მოგწონთ გერმანიაში ყველაზე მეტად?
ყველაზე უფრო გერმანიაში ის მომწონს, რომ აქ კანონის პატივისცემა სისხლში აქვთ გამჯდარი. კიდევ ის, რომ აქ ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და ერთმანეთს სულში არ უძვრებიან, მომაბეზრებლად ცნობისმოყვარე ადამიანებს აქ ვერ ნახავთ, ჩემთვის ძალიან კომფორტულია ასეთ გარემოში ცხოვრება. აქ ადამიანის შრომა დაფასებულია, ყველა თავისი ცოდნის მიხედვითაა დასაქმებული და გასამრჯელოსაც შესაბამისს იღებს. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლებოდა.
რა არ მოგწონთ?
არ მომწონს გერმანელების მეტისმეტი გულუბრყვილობა და გადამეტებული პოლიტიკური კორექტულობა, ყველაფრის მიმართ უზომო ტოლერანტობა, საზოგადოებრივი ცენზურა და, ზოგადად, მემარცხენე პროგრესული დისკურსი. აქ ბიუროკრატიული მანქანაც ძალიან ნელა მუშაობს. ვფიქრობ, ამ ერთ პუნქტში მაინც ვჯობნით გერმანელებს, რადგან საქართველოში საჯარო სერვისები გაცილებით უფრო მოქნილია.
თქვენს პროფესიულ ნაბიჯებზე რას გვეტყვით? სადოქტორო დისერტაციაც, როგორც აღნიშნეთ, გერმანიაში დაიცავით. როგორ მოხვედით დღემდე?
დიახ, დისერტაცია რამდენიმე წლის წინ გერმანიაში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ჰერტის მმართველობის სკოლის და ბერლინის სამეცნიერო ცენტრის ერთობლივი სადოქტორო სკოლის ფარგლებში დავიცავი და მას შემდეგ აკადემიურ სფეროში ვსაქმიანობ. თავიდან ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ვიყავი, შემდეგ – ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლაში, ფრაიბურგის უნივერსიტეტში… ამჟამად ბრემენის უნივერსიტეტში ვმუშაობ. სერიოზული კონკურენციის გამო კარიერის გაკეთება აქ, ზოგადად, ძალიან რთულია.
კი, მაგრამ თქვენ ეს შეძელით. ვინ (ან რამ) გაგიკვალათ გზა წარმატებისკენ?
შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შრომამ. ამასთან, სოციალური კონტაქტებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიაში ნაცნობობით არავინ დაგასაქმებს, მაგრამ საკუთარ პროფესიულ სფეროში ბევრი კონტაქტის ქონა მაინც ძალიან სასარგებლოა – თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ შენს სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ცვლილების შესახებ მუდმივად ინფორმირებული იყო.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პროფესიის არჩევისას ადამიანზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: უნარები, ინტერესები, მოტივაცია, ღირებულებები, ოჯახი… თქვენს შემთხვევაში რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი? გავიგე, ჟურნალისტობას აპირებდით…
კი, ჟურნალისტობა მინდოდა, ალბათ უფრო მამიდის (ცნობილი ჟურნალისტი რუსუდან ლებანიძე – თ. ო.) გავლენით. საბოლოოდ კი, არ მგონია, ჩემს გადაწყვეტილებებზე ოჯახს და ახლობლებს დიდი გავლენა ჰქონოდათ. სხვათა შორის, ჩემს მშობლებს, ალბათ როგორც ქართველი მშობლების უმეტესობას, ძალიან უნდოდათ, რომ ექიმი გავმხდარიყავი.
ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, თქვენი აზრით? როგორ ჩანს საქართველო შორიდან?
მთავარი პრობლემებია არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, კლანური ცხოვრების წესი და მთელი რიგი არასწორი ფასეულობები, რის გამოც ეფექტიანი დემოკრატიული ქვეყნის აშენება დღემდე ვერ შევძელით. საქართველოში ძალიან უყვართ სკანდინავიურ ქვეყნებზე, როგორც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყველაზე წარმატებულ მოდელზე, საუბარი. მაგრამ თუ სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სკანდინავიის ქვეყნები ერთმანეთის და სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობის მიხედვითაც პირველ ადგილზე არიან. მეტიც, ურთიერთნდობის მაღალი ხარისხი ამ ქვეყნების მთავარ კულტურულ მონაპოვრად ითვლება. საქართველოში კი, სამწუხაროდ, მსგავსი სახელმწიფოებრივი აზროვნება ჯერ მხოლოდ ადრეული განვითარების ეტაპზეა.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს მსოფლიოში?
პერსპექტივა თვითონ საქართველოს მოსახლეობამ უნდა შექმნას. რა თქმა უნდა, არსებობს უარყოფითი ფაქტორები: რუსეთი, კონფლიქტები, რთული სამეზობლო… მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენზე უარეს მდგომარეობაშიც ყოფილა და მაინც აუშენებია ნორმალური სახელმწიფო. საქართველოსაც შეუძლია იგივე გააკეთოს. ამისთვის აუცილებელია ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნა, მეტი ინვესტიცია განათლებაში, კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა და სამართლებრივი ველის შექმნა.
ბევრი ქართველი საზღვარგარეთაა. მათ რას ეტყოდით?
არა მგონია, ემიგრანტებს ჩემი აზრი დიდად აინტერესებდეთ, მაგრამ, ზოგადად, ემიგრაცია საქართველოსთვის შედარებით ახალი მოვლენაა. კარგი იქნება, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართველები უფრო შეკავშირდებიან და ძლიერ ლობისტურ ჯგუფებს შექმნიან. სომხური ან ებრაული ლობის დონეზე არ არის საუბარი, საამისოდ საკმარისად მრავალრიცხოვანი დიასპორა არ გვყავს, მაგრამ საქართველოს ინტერესების უფრო ორგანიზებულად დაცვა მაინც შეიძლება.
ბიძინა, როგორც ვიცი, ბოლო პერიოდში უარი თქვით რამდენიმე პოლიტიკურ შემოთავაზებაზე, რატომ?
დიახ, ბოლო წლებში რამდენიმე შეთავაზება მართლაც მქონდა, მაგრამ პოლიტიკაში ჩაბმის დიდი მოტივაცია არასდროს მქონია.
არც აპირებთ?
როგორც ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, დიდი სურვილი და მოტივაცია არ მაქვს.
ასე დაკავებულს, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?
ძალიან ცოტა. რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ და შაბათ-კვირასაც მიწევს სახლიდან ჩვეულებრივ რიტმში მუშაობა. თვეში ალბათ სულ ორი-სამი დღე თუ მრჩება დასასვენებლად. თუმცა ეს აქ აკადემიურ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ჩვეულებრივი განრიგია – კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში მუშაობენ, შაბათ-კვირას კი სტატიებს და წიგნებს წერენ. ალბათ ამიტომაც არის, რომ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში წამყვანი მკვლევარები წელიწადში 30-40 საერთაშორისო რეფერირებად სტატიას აქვეყნებენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს რიცხვი ხშირად ათჯერ და მეტჯერ ნაკლებია.
თქვენ, როგორც მკვლევარს, რამდენი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული?
სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია, ალბათ ასამდე.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი საქმიანობის ფარგლებში?
ამჟამად, ძირითადად, ევროკავშირის თემებზე ვმუშაობ და მთავარი შეკითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება ევროპის აკადემიური წრეებში, არის: გადაურჩება თუ არა ევროკავშირი დღეს არსებულ კრიზისულ ვითარებას – ფინანსურ და მიგრანტებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ბრექსითს, ულტრამემარჯვენე ძალების მოძლიერებას და ა. შ. პრინციპში, იმაზე, თუ როგორი იქნება ევროპა 10-20 წლის შემდეგ, საქართველოს მომავალიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
მალე საქართველოს პარლამენტი ისტორიული მნიშვნელობის კანონს მიიღებს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით და უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ავტომატურად აღარ გახდება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი; ხოლო მათ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა უკვე დაკარგა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, შესაძლებლობა ეძლევათ, კანონის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში აღიდგინონ. დაიბრუნებთ საქართველოს მოქალაქეობას?
დიახ, რა თქმა უნდა, თუ საშუალება მომეცემა… თუმცა ამ საკითხს მაინცდამაინიც დრამატულად არ ვუყურებ. მთავარია, სურვილი იყოს, თორემ საკუთარ ქვეყანასთან კონტაქტი და კომუნიკაცია ისეც შეიძლება.
ბიძინა, ცნობილ მსახიობს – ედრიენ ბროუდის ჰგავხართ ძალიან. შევხედე თუ არა თქვენს ფოტოს, რეჟისორ რომან პოლანსკის ფილმი „პიანისტი“ გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, ამას პირველად მე არ გეუბნებით…
ამას მართლაც ხშირად მეუბნებიან, თუმცა ნიჭიერი ბროუდისგან განსხვავებით მე თამაში საერთოდ არ მეხერხება.
თამაში არა, მაგრამ უცხოელ მსახიობთან მსგავსების გამო კურიოზულ სიტუაციაში არ აღმოჩენილხართ?
არა, მაგრამ ხშირად მეხუმრებიან, ისიც უთქვამთ, რომ ამის გამო ვიზუალურად შედარებით ადვილად მიმახსოვრებენ.
არ ვიცი, ბროუდის მხატვრობის ნიჭი აქვს თუ არა, მაგრამ თქვენზე მითხრეს, ბავშვობაში მშვენივრად ხატავდაო. თქვენს სახლში ფუნჯებს და პალიტრას ახლაც ხომ არ აღმოვაჩენთ?
რამდენიმე წლის წინ საღებავები და ფუნჯები მართლაც შევიძინე, მაგრამ დღემდე ხელი არ მიხლია. დრო არ მრჩება, სამწუხაროდ. თუმცა ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ჩემში მხატვარმაც გაიღვიძოს…
როგორც ვიცი, თქვენთან პირველი ინტერვიუ მამიდამ, ჟურნალისტმა რუსუდან ლებანიძემ ჩაწერა გაზეთისთვის „დედამიწა“. მოდით, ახლაც, უკვე შორიდან, უპასუხეთ მის შეკითხვას: „იპოვე, შენი თავი, ბიძო?“
ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ, თორემ თავი სტივენ ჰოუკინგი მგონია… 🙂
თავად რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს და რას უპასუხებდით?
მირჩევნია თქვენ დამისვათ შეკითხვები.
რა განცდაა სამშობლოდან შორს ყოფნა?
მე თავს ემიგრანტად არ აღვიქვამ, თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს საქართველოსთან და ჩამოსვლაც ხშირად მიწევს. სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა, რადგან, ყველაფერთან ერთად, ჩემი ერთადერთი შვილი, მარიამიც საქართველოში იზრდება.
რამხელაა მარიამი? გერმანიის მოქალაქე მამიკო ხომ არ ფიქრობს, რომ განათლება უცხოეთში მიაღებინოს?
მარიამი ჯერ პატარაა, სკოლაში სწავლობს. რაც შეეხება უცხოეთში განათლების მიღებას, თუ ამის სურვილი თვითონაც ექნება, რატომაც არა…
საუბრის დასაწყისში მითხარით, რომ ძლიერი დიასპორა გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. რა უნდა გააკეთონ ამისთვის ქართველმა ემიგრანტებმა?
პირველ რიგში, თავიანთ სფეროში უნდა იყვნენ წარმატებულნი. ძლიერი დიასპორა ძლიერ და წარმატებულ ემიგრანტებზე უნდა იდგეს. ორგანიზებულობის მაღალი ხარისხიც ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც მხოლოდ აქციების გამართვით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება.
დაბოლოს, რა არის თქვენი მიზანი?
პროფესიული განვითარება, რადგან სხვა სფეროებში წარმატება დიდწილად ამაზეა დამოკიდებული.
დიდი მადლობა, ბიძინა, მუდამ წარმატების გზით გევლოთ!
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები