ესპანეთში მუშახელის დეფიციტი ეკონომიკის ყველა სფეროზე აისახება
ორწლიანი პანდემიის შემდეგ ესპანეთი პირველი ზაფხულისთვის ემზადება, როდესაც არანაირი შეზღუდვა აღარ იმოქმედებს, მაგრამ ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორი ნანატრი გამოცოცხლების შემდეგ ახალ პრობლემას აწყდება – ესპანეთში მომსახურების სფეროში მიმტანებს ვერ პოულობენ.
„ვვარაუდობთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ გვჭირდება მეტი პერსონალი, მიმტანები, ახალი თანამშრომლები, რომლებიც დასაქმდებიან სამზარეულოში, თუმცა შრომის ბაზარს რომ ვუყურებთ, ვხვდებით, რომ კვალიფიციურi პროფესიონალების მოძიება ძალიან რთულია, ფაქტობრივად, შეუძლებელი“, – ამბობს მადრიდის სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტი ხუან ხოსე ბლარდონი.
გავრცელებული ინფორმაციით, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სტუმარმასპინძლობის სექტორს, 2022 წელს 50 000 დამატებითი თანამშრომელი სჭირდება. მუშახელის დეფიციტი ეკონომიკის ყველა სფეროზე გავლენას ახდენს.
გარკვეული სამუშაოსთვის კანდიდატების ნაკლებობა ჩვეული ტენდენციაა ევროპასა და განვითარებულ სამყაროში. ესპანეთს ასევე, აქვს უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირში. სამი მილიონი ესპანელი უმუშევარია და ისინი ჯერ კიდევ არ ჩანან ბაზარზე.
მილიონობით ადამიანმა შეერთებულ შტატებში დატოვა სამსახური პანდემიის შემდეგ, ეს მოვლენა აშშ-ში ცნობილია, როგორც „დიდი გადადგომა“.
სავარაუდოდ, დასაქმებულები მთელ მსოფლიოში უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოს ეძებენ.
„მოქნილობა და დამატებითი სარგებელი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ვაკანსიის გამოჩენისას. ეს კი გულისხმობს, რომ ჩემი სამუშაო უნდა მოვარგო ჩემი ცხოვრების წესს და არა პირიქით“, – ამბობს ადამიანის რესურსების მართვის მენეჯერი ხუანვი მარტინესი.
ესპანეთში უმუშევრობის სუბსიდიით სტუმარმასპინძლობის სექტორის 165 000 თანამშრომელი სარგებლობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამჟამინდელი სამუშაო შეთავაზებები არ აკმაყოფილებთ, ან უბრალოდ სხვა სექტორში გადასვლა სურთ.
„ესპანეთში „დიდი გადადგომის“ გარდა უნდა ვისაუბროთ „დიდი როტაციის“ შესახებ. ვხედავთ, რომ დასაქმებულები მათთვის მისაღებ პირობებს ეძებენდა ნებაყოფლობით იცვლიან სამუშაოს“, – მიიჩნევს ხუანვი მარტინესი.
მთლიანობაში ესპანეთის ეკონომიკა უახლოეს წლებში 700 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ადგილები არ შეივსება.
euronewsgeorgia.com
კომენტარები