საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

თამთას ოცნება 2019 წელს ასრულდება?!

დღეს ყველასთვის ცნობილი თამთა, პირველად ასევე ყველასთვის უცხო და მორიდებული თამთა გოდუაძე, ბერძნულ ტალანტშოუ SUPER IDOL-ში გამოჩნდა 2004 წელს. ამ შოუმ მხოლოდ ერთი სეზონი გაძლო, მაგრამ ქართველი გოგონასთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა. მართალია მაშინ იგი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ პირველ ადგილზე გასული სტავრო კონსტანტინუ დღეს აღარავის ახსოვს, თამთა კი ხმის ჩამწერი სტუდიების, მუსიკის მოყვარული საზოგადოებისა და სხვადასხვა LIVE SHOW-ს ფავორიტია. მისი ოცნება ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაა – ამ ოცნებისკენ პირველად 2007 წელს გადადგა ნაბიჯი და უამრავი მონაწილიდან სახელმწიფო ტელევიზიის მიერ შერჩეულმა ჟიურიმ სამ გამარჯვებულ კანდიდატს შორის თამთაც დაასახელა, თუმცა საბოლოო კონკურსში ქართველმა მომღერალმა ვერ გაიმარჯვა.

თამთამ ბედი ორი წლის წინაც ცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტუდიამ დროზე ვერ გაგზავნა წარსადგენი სიმღერა, ანუ დაწესებულ ვადას გადააცილა და ჟიურისგან უარი მიიღო. რატომღაც მგონია, რომ ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო, ანუ ვადის დარღვევა არაფერ შუაშია, უბრალოდ, საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიას არ სურდა უცხოელის მონაწილეობა ამ კონკურსში საბერძნეთის სახელით, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავზე. ასეთი ეჭვის საფუძველს კი მაძლევს ევროვიზიის წლევანდელ მუსიკალურ ფესტივალზე მეორე ადგილზე გასული ალბანური წარმოშობის ელენი ფურეირა, რომელმაც არაერთხელ ცადა წარმოედგინა საბერძნეთი ევროვიზიაზე, მაგრამ  ЕРТ-ის (სახელმწიფო ტელევიზია) კარები ყოველთვის დახურული ხვდებოდა. აქვე იმასაც გავიხსენებ, რომ ელენიმ მუსიკალურ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას საკუთარი წარმოშობა დამალა, ეშინოდა, კარიერაში არ შეშლოდა ხელი, რადგან ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა, თუმცა როდემდე დამალავდა საზოგადოებისგან?! მალე „გაჟონა“ ამ ინფორმაციამ და შემდეგ მომღერალი ყველა სატელევიზიო არხზე აკეთებდა განცხადებებს.


ელენი ფურეირას გამოსვლა ევროვიზია-2018-ზე

ელენი ფურეირას საბერძნეთის გზით Eurovision-ისკენ მიმავალი კარი დახურული დახვდა, სამაგიეროდ, კვიპროსმა ჩაიხუტა და ფესტივალზე ამ ქვეყნის სახელით გამოსვლის საშუალება მისცა. ცდამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა და ალბანური წარმოშობის მომღერალი ცეცხლოვანი გამოსვლით მეორე ადგილზე გავიდა.


ელენი ფურეირას გამოსვლა ევროვიზია-2018-ზე

რაც შეეხება საბერძნეთს, ათეულშიც კი ვერ მოხვდა. ამ მწარე რეალობამ ეტყობა ჭკუაზე მოიყვანა საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა და სხვადასხვა არხზე უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ აქედანვე დაიწყო მსჯელობა თამთას წარდგენაზე 2019 წლის Eurovision-ზე. ამ ფესტივალში მისი მონაწილეობა თამთას თანამშრომლების დიდი სურვილიცაა: ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორი წლის წინ ჩამწერმა სტუდიამ თამთას საუკეთესო სიმღერა გაუგზავნა სახელმწიფო ტელევიზიის მიერ შერჩეულ ჟიურის, მაგრამ, როგორც ზემოთ ვთქვით, ვადის გადაცილების მიზეზით უარი მიიღო.

„ელენე ფურეირას „საჩუქრის“ შემდეგ  თამთასთვის ამ საპატიო მისიის შეთავაზება ΕΡΤ-ის მიერ გადადგმული ჭკვიანური ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა ჟურნალისტმა იანის პულოპულოსმა დილის პროგრამაში „Στη φωλια των Κου Κου“ სატელევიზიო არხ Star-ზე.  ასე რომ, 2019 წელს ყველასთვის საყვარელ მომღერალსა და ადამიანს – თამთა გოდუაძეს, როგორც ჩანს, დიდი ხნის ოცნება აუსრულდება.

P. S. აქვე იმასაც დავძენ, რომ კვიპროსმა წელს ელენე პაპარიზუს შესთავაზა მონაწილეობა, მაგრამ უარი მიიღო; ამ უარიდან რამდენიმე საათის შემდეგ თამთას მიმართა, მაგრამ დატვირთული პროგრამის გამო თამთამაც უარი განაცხადა. ბოლო „კარტი“ ელენი ფურეირა იყო, რომელმაც – პირდაპირ რომ ვთქვათ – საბერძნეთის ჯინაზე თანხმობა განაცხადა და კვიპროსს დიდი წარმატებაც მოუტანა.

ია თულაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close