ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთის დედოფალმა ბოლო თითქმის 60 წლის განმავლობაში პირველად არ გახსნა პარლამენტის სესია (ვიდეო)

ბოლო 59 წლის განმავლობაში, 1963 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ II-მ პარლამენტის გახსნის ცერემონია გამოტოვა 10 მაისს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

მანამდე დედოფალმა ბრიტანეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გახსნის ცერემონია 1963 წელს გამოტოვა ორსულობის გამო.

ელიზაბეთ მეორის ნაცვლად ცერემონიაზე ტრადიციული სიტყვა ტახტის მემკვიდრემ, 73 წლის პრინცმა ჩარლზმა წარმოთქვა. მის გარდა სამეფო ოჯახიდან პარლამენტის გახსნას ჩარლზის ვაჟი, კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეთრინი ესწრებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 96 წლის დედოფალს სიარული უჭირს და ბოლო დროს საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილა, თუმცა ბუკინგემის სასახლე ბოლო დრომდე არ უარყოფდა შესაძლებლობას, რომ დედოფალი ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებდა. საბოლოოდ, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საკონსტიტუციო ცერემონია დედოფლის გარეშე გაიხსნა.

წელს ელიზაბეთ II-მ მხოლოდ ერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა უინძორის სასახლის ფარგლებს გარეთ – თავისი განსვენებული მეუღლის, პრინც ფილიპის მოსახსენებელ საეკლესიო მსახურებაში. დედოფალი მასზე დასასწრებად ხელჯოხის დახმარებით წავიდა.

ცერემონიამდე ერთი თვით ადრე, თებერვალში ცნობილი გახდა, რომ დედოფალმა ელიზაბეთმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ტახტს  უკვე 70 წელია იკავებს, კორონავირუსი გადაიტანა.

 

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close