უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
არკადი კასრაძე უკრაინიდან საქართველოში პოლონეთის დედაქალაქის გავლით გადმოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარს საქართველოსა და უკრაინის დროშებით და ანთებული სანთლებით ხელში დახვდნენ ოჯახის წევრები და მოქალაქეები.
არკადი კასრაძე 16 აპრილს ლუჰანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნოეში შეტაკებების დროს დაიღუპა. ხვალისთვის იგეგმება მასთან ერთად დაღუპული ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას საქართველოში ჩამოსვენება. რამდენიმე დღის წინ უკრაინაში სამივე დაღუპული მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას სულ ცხრა ქართველი მოხალისე მეომარი შეეწირა.
ქალაქ ირპენთან დაღუპული დავით გობეჯიშვილი, გია ბერუაშვილი და დავით რატიანი საქართველოში მარტში ჩამოასვენეს. ნიკოლოზ შანავა და დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს ხარკოვის გასათავისუფლებელი ბრძოლის დროს დაიღუპნენ. მარიუპოლში დაიღუპა ბახვა ჩიქობავა. რუსების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან მისი ცხედრის გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კომენტარები