საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული სერვისების რიცხვი იზრდება
საყოველთაო ჯანდაცვას ახალი მომსახურებები დაემატება; ამ პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალის პროგრამა ფარავდა ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა, – ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც ბოლო წლებში რეფერალის პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო.
„რეფერალის პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით ჩვენი მოქალაქეებისთვის ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი მომსახურება საკმაოდ ბევრია. ამიტომ, განვიხილავთ, დამატებით რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სამართლიანი ფასის მქონე მომსახურება უნდა მიიღოს. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება ბიზნესს, კონკურენტულ პირობებში მუდმივად იყოს მათ მომსახურებაზე მოთხოვნა.
„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც სისტემაში კლინიკების მიერ დარეგისტრირებული სერვისის ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთი და იმავე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე ერთ კლინიკას შეიძლება, ჰქონდეს 3 000 ლარი, მეორეს – 7 000 ლარი და მესამეს – 13 000 ლარი. შემდეგ ამ არაკეთილსინდისიერებასთან სახელმწიფოს უწევს ბრძოლა.
ზუსტად აქედან გამომდინარე, 1-ლი აპრილიდან ავამოქმედეთ ე. წ. DRG სისტემა, რომელიც რამდენიმე თვეში სრულად დაინერგება. მისი საშუალებით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადავიხდით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კომენტარები