საბერძნეთი აფრიკული მტვრის უზარმაზარმა ღრუბელმა 5 დღით დაფარა, ჭუჭყიანი წვიმები ხუთშაბათიდან დაიწყება
საჰარის უდაბნოდან წამოსული მტვრის უზარმაზარი ღრუბელი, რომელმაც სამშაბათიდან საბერძნეთის ტერიტორია დაფარა, მეტეოროლოგების პროგნოზით, ქვეყნის ტერიტორიაზე 2 აპრილამდე დარჩება. ამის შესახებ CNN.GR წერს.
წინა ღრუბელი, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე 27 მარტს, კვირას შევიდა, ნაკლებად შესამჩნევი და სქელი იყო, ვიდრე ეს ახალი.
ათენის ნაციონალური ობსერვატორიის მეტეოსამსახურის მონაცემებით, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით საბერძნეთში საჰარის მტვრის ღრუბელი სამხრეთის ქარებმა მოიტანა უჩვეულოდ ხანგრძლივი პერიოდით.
ეს მოვლენა მიმდინარე სეზონისთვის უპრეცედენტო ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც უჩვეულოა, რადგან მტვრის ღრუბელი, ჩვეულებრივ, ჰაერში 2-3 დღეზე მეტხანს არ ჩერდება ხოლმე და ახლა 5 დღე არ აპირებს გაფანტვას.
ამ მოვლენის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგებია:
- მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში;
- ლოკალური შეზღუდული ხილვადობა;
- ჭუჭყიანი წვიმა ხუთშაბათიდან, 31 მარტიდან, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში.
საბერძნეთი ევროპაში ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც მტვრის ღრუბელი ვრცელდება. Severe Weather EU-ს ინფორმაციით, ამ კვირაში მასიური ღრუბელი, პროგნოზების თანახმად, ცენტრალურ ევროპაშიც გავრცელდება, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მტვრის ყველაზე მაღალი კონცენტრაციით.
ატმოსფეროში წელიწადში 150-700 მლნ ტონა მტვერი ადის. მეცნიერები აფიქსირებენ, რომ მყარ ნაწილაკებთან ერთად მტვრის ღრუბელს სოკოები და ბაქტერიებიც გადააქვს. აფრიკის ნაციონალური ობსერვატორიის მტკიცებით, ,დანარჩენი ძირითადი შემადგენელია კრემნიუმი, რკინა და მარგანეცი.
აფრიკული მტვრის ძირითადი „გამავრცელებლები“ არიან ჩადის და ალჟირის რეგიონები, აგრეთვე, ლიბია და ეგვიპტე.
გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე
ათენის ნაციონალური ობსერვატორიის მონაცემებით, დასახლებული პუნქტების თავზე ატმოსფეროში აფრიკული მტვრის არსებობის პერიოდში საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა იზრდება (კერძოდ, იმ ადამიანებისა, რომელთაც სუნთქვის ან გულის პრობლემები აწუხებთ).
მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც ფრთხილად უნდა იყვნენ აფრიკული მტვრის გავრცელების პერიოდში:
- ზრდასრულები და ბავშვები ალერგიებით;
- ზრდასრულები და ბავშვები სუნთქვის პრობლემებით;
- ადამიანები, რომლებისაც ბრონქული ასთმის პრობლემა აქვთ;
- გულის პრობლემების მქონე პაციენტები;
- ფეხმძიმე ქალები;
- 65 წელს გადაცილებული ადამიანები.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები