პარიზი თუ რომი? – მარადიული კითხვა მოგზაურებისთვის

პარიზი და რომი ევროპის ორი უდიდესი კულტურის მატარებელი ქალაქია. ორივე მათგანი საუკუნეებია აჯადოებს მოგზაურებს თავისი მონუმენტური არქიტექტურით, მდიდარი ისტორიით, გამორჩეული გასტრონომიითა და განსაკუთრებული რომანტიკული ატმოსფეროთი.
თუ ამ ორ მიმართულებას შორის არჩევანის გაკეთება გიჭირს, უნდა განსაზღვრო, როგორი ემოციები გსურს შენი მოგზაურობიდან წამოიღო. დახვეწილი ფრანგული ელეგანტურობა, გრანდიოზული მუზეუმები, ფართო ბულვარები და კაფეები თუ რომაული „Dolce Vita“, ღია ცის ქვეშ გადაშლილი ანტიკური ისტორია და მყუდრო ტრატორიები?
სად უფრო მარტივია გამგზავრება ქართველი ტურისტებისთვის
საფრანგეთიცა და იტალიაც შენგენის ზონის წევრები არიან, ამიტომ ორივე მიმართულებით გასამგზავრებლად მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი და სტანდარტული სამოგზაურო წესების დაცვა დაგჭირდება.
რომში ჩასვლა ქართველი მოგზაურებისთვის ლოგისტიკურად მარტივი და ბიუჯეტურია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air-ის პირდაპირი რეისები სრულდება. პირდაპირი ფრენებია თბილისიდანაც. რომის აეროპორტებიდან (ფიუმიჩინო და ჩამპინო) ქალაქის ცენტრამდე მატარებლით (Leonardo Express) ან ავტობუსით მისვლა სულ რაღაც 30-40 წუთშია შესაძლებელი.
პარიზის მიმართულებითაც გვაქვს პირდაპირი ავიარეისები. ქუთაისიდან Wizz Air-ი ბოვეს (Beauvais) აეროპორტში დაფრინავს, საიდანაც პარიზის ცენტრამდე მისასვლელად დამატებით ავტობუსით საათ-ნახევრიანი მგზავრობაა საჭირო. თბილისიდან კი პირდაპირი ფრენები სრულდება შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებში, საიდანაც ქალაქში მატარებლით ან ტაქსით სწრაფად მიხვალ.
ქალაქში გადაადგილება – მეტრო, ფეხით სეირნობა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
რომის ისტორიული ცენტრი საოცრად კომპაქტურია. კოლოსეუმიდან ტრევის შადრევნამდე, პანთეონსა და პიაცა ნავონამდე ფეხით სეირნობა უდიდესი სიამოვნებაა. აქ მეტროთი იშვიათად ისარგებლებ, რადგან არქეოლოგიური სამუშაოების გამო მიწისქვეშა ხაზები შეზღუდულია, თუმცა ავტობუსები და ტრამვაი ქალაქის ნებისმიერ წერტილთან მარტივად მიგიყვანს.
პარიზი ამ მხრივ გაცილებით მასშტაბურია. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და დატვირთული მეტრო და საქალაქთაშორისო მატარებლების (RER) სისტემა მუაობს. მეტროსადგურებს ფაქტობრივად ყოველ 300–500 მეტრში შეხვდები. კონკრეტული უბნები, როგორიცაა მონმარტრი, ლე მარე, ფეხით სასიარულოდ იდეალურია, მაგრამ ერთი უბნიდან მეორეში გადასვლას მეტრო გაცილებით გაგიმარტივებს.
რამდენი დღე გაქვს სამოგზაუროდ?
მოგზაურობის დაგეგმვისას დროის სწორად განაწილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
- 3-4 დღე: შაბათ-კვირის გასატარებლად რომი შეუდარებელია. კოლოსეუმის, ვატიკანის, მთავარი მოედნებისა და შადრევნების ნახვას ზედმეტი აჩქარების გარეშე რამდენიმე დღეში მოასწრებ. პარიზში 3-4 დღე საკმაოდ დამღლელი იქნება. მხოლოდ ძირითადი სანახაობების (ეიფელის კოშკი, ლუვრი გარედან, სენაზე გასეირნება) სწრაფად მონახულებას თუ შეძლებ.
- 5-7 დღე: რომში ეს დრო საშუალებას მოგცემს, მშვიდად ისეირნო ტრასტევერეს ქუჩებში, ეწვიო ბორგეზეს გალერეას და ერთი დღით ჩქაროსნული მატარებლით ფლორენციაშიც კი გადახვიდე. პარიზისთვის 5-7 დღე ოპტიმალურია. შეძლებ ლუვრისა და ორსეს მუზეუმების საფუძვლიანად დათვალიერებას, ვერსალის სასახლის მონახულებას ან დისნეილენდში გართობას.
- 8-10 დღე და მეტი: რომი იდეალური საწყისი წერტილია იტალიის სხვა რეგიონების (ნეაპოლი, პომპეი, ტოსკანა) მოსანახულებლად. პარიზში კი შეძლებ ნამდვილი პარიზელივით იცხოვრო და ერთი დღით ლუარის ხეობის ულამაზეს ციხესიმაგრეებს ან ნორმანდიის სანაპიროს ეწვიო.
როგორი დასვენება გსურს?
რომი ცოცხალი, ხმაურიანი, ემოციური და თბილი ქალაქია. აქ ყოველ ნაბიჯზე საუკუნეების წინანდელი ნანგრევები, დიდებული შადრევნები და მოედნები გხვდება. საღამოობით ქუჩები ივსება ხალხით, რომლებიც ღია ცის ქვეშ აპერიტივს მიირთმევენ და საუბრობენ.
პარიზი კი სილამაზისა და ესთეტიკის ზეიმია. ფართო ბულვარები, ერთიან სტილში ნაგები ოსმანისეული შენობები, მწვანე პარკები და მდინარე სენა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ქმნის. აქაური ყოველდღიურობის მთავარი რიტუალი ქუჩის კაფეების ტერასებზე ყავის დალევა და გამვლელების ყურებაა. პარიზი მათ მოეწონებათ, ვისაც ხელოვნება, მოდა და ინტელექტუალური სივრცეები იზიდავს.
გასტრონომია
იტალიური სამზარეულო გამოირჩევა სიმარტივით, მდიდარი გემოებითა და ნოყიერებით. აუცილებლად უნდა დააგემოვნო ოთხი კლასიკური პასტა (Carbonara, Cacio e Pepe, Amatriciana და Gricia), თხელი და ხრაშუნა პიცა და ნამდვილი ჯელატო (იტალიური ნაყინი). ულუფები აქ გულუხვია, ფასები კი – შედარებით ხელმისაწვდომი.
პარიზში დღე იწყება ახალგამომცხვარი კრუასანითა და ხრაშუნა ბაგეტით. ფრანგული გასტრონომია დახვეწილი დესერტებით, ასობით სახეობის ყველითა და უმაღლესი ხარისხის ღვინით არის ცნობილი. მყუდრო ბისტროებიდან დაწყებული – მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნებით დამთავრებული, პარიზში კვება ხელოვნების რანგშია აყვანილი, თუმცა ეს ფასებზეც აისახება.
სად უფრო იაფად იმოგზაურებ?
ორივე ქვეყანაში ანგარიშსწორება ევროთი (EUR) ხდება, თუმცა ბიუჯეტის თვალსაზრისით ქალაქებს შორის საგრძნობი განსხვავებაა.
პარიზში საცხოვრებელი ტრადიციულად უფრო ძვირია, სასტუმროს ნომრები კი – საკმაოდ კომპაქტური. რომში ცენტრთან ახლოს დაბინავება შედარებით ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი და ფასი-ხარისხის ბალანსიც ხშირად უკეთესია.
კვების მხრივ, რომი ბევრად ეკონომიურია. სწრაფი კვება (ნაჭრებად დაჭრილი პიცა – Pizza al Taglio, ბრინჯის ბურთულები – Supplì) და ადგილობრივი ტავერნები ზედმეტი დანახარჯების გარეშე დაგანაყრებს. პარიზში რესტორნებსა და კაფეებში სადილი საგრძნობლად ძვირი ჯდება. მუზეუმების ბილეთები (ლუვრი, კოლოსეუმი, ვატიკანი) ორივე ქალაქში ფასიანია და რიგების თავიდან ასაცილებლად ბილეთების წინასწარ, ონლაინ შეძენა აუცილებელია.
როდის რომელ ქალაქში სჯობს ჩასვლა?
გაზაფხული (აპრილი-მაისი) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი) იდეალური დროა ორივე ქალაქის მოსანახულებლად. ამ დროს ტემპერატურა სასიამოვნოა და ქალაქებში ფეხით სიარული არ დაგღლის.
ზაფხულის პიკის სეზონზე (ივლისი-აგვისტო) რომში ხშირად აუტანელი სიცხეა. ქვის შენობები და მოკირწყლული ქუჩები მხურვალებას მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს. პარიზშიც ცხელა, თუმცა კლიმატი შედარებით ზომიერია. ორივე ქალაქში ამ დროს ტურისტების დიდი ნაკადია.
ზამთარში რომი გაცილებით ოპტიმალური ვარიანტია თავისი მზიანი დღეებით. პარიზში ზამთარი ცივი და წვიმიანია, თუმცა საახალწლო განათებები, საშობაო ბაზრობები და მყუდრო კაფეები ქალაქს ზღაპრულ ელფერს სძენს.
ინტერნეტთან კავშირი მოგზაურობისას
რომელ ქალაქსაც არ უნდა მიანიჭო უპირატესობა, გამართული ინტერნეტი შენი კომფორტისა და სიმშვიდის მთავარი გარანტიაა. პარიზში უწყვეტი კავშირი დაგჭირდება მეტროსა და RER-ის კომპლექსურ ქსელში ნავიგაციისთვის (Google Maps, Citymapper), რომში კი, ძველ, ვიწრო ქუჩებში ორიენტაციისთვის, მუზეუმების ელექტრონული ბილეთების წარსადგენად და ტრატორიების მოსაძებნად.
mobineX-ის eSIM ამ პრობლემას წამებში აგვარებს. აღარ გჭირდება აეროპორტში რიგებში დგომა და ფიზიკური ბარათის გამოცვლა. ელექტრონულ eSIM-ს ტელეფონში QR კოდის დასკანერებით მომენტალურად ააქტიურებ და ქართულ ნომერსაც ჩვეულებრივ ინარჩუნებ. mobineX-ი გთავაზობს სწრაფ და საიმედო 4G/5G ინტერნეტ პაკეტებს როგორც საფრანგეთის, ისე იტალიის მიმართულებით.
- შეარჩიე როუმინგ ინტერნეტ პაკეტი საფრანგეთის მიმართულებით
- შეარჩიე როუმინგ ინტერნეტ პაკეტი იტალიის მიმართულებით
პარიზი თუ რომი?
თუ გიყვარს ანტიკური ისტორია, გსურს ქალაქი ფეხით შემოიარო, გიზიდავს იტალიური სამზარეულო, ეძებ შედარებით ეკონომიურ ვარიანტს და გინდა ქუთაისიდან პირდაპირ და იაფად ჩაფრინდე. რომი შენთვის იდეალური არჩევანია.
ხოლო თუ ოცნებობ მსოფლიო დონის ხელოვნების მუზეუმებზე, გხიბლავს დახვეწილი ფრანგული ესთეტიკა, არქიტექტურა და მოდა, გინდა ვერსალის ან დისნეილენდის მონახულება და მზად ხარ შედარებით მაღალი ბიუჯეტისთვის შემდეგი მოგზაურობა პარიზში დაგეგმე.



