სამზარეულოკულტურასაბერძნეთი

ვასილოპიტა: ბერძნული საახალწლო ნამცხვარი შიგნით დამალული იღბლის მონეტით – შესანიშნავი რეცეპტი

ზამთრის დღესასწაულების დაწყებამდე სულ ცოტა რჩება, ოჯახებში კი ნელ-ნელა იღვიძებს ის განსაკუთრებული, ჯადოსნური, თბილი და ლამაზი მომენტების მოლოდინი, რომელიც ახალ წელს ახლავს. სწორედ ამ განწყობას ამაღლებს ბერძნული ვასილოპიტა – საახალწლო ნამცხვარი, რომელსაც უნიკალური ისტორია, სიმბოლური დატვირთვა აქვს და საოცრად არომატულია.

ვასილოპიტა, ანუ „წმინდა ბასილის ნამცხვარი“, ბერძნულ ოჯახებში საახალწლოდ აუცილებლად მზადდება. არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი: საფუვრიანი და უსაფუვრო, ფორთოხლის წვენზე მომზადებული. ტრადიცია, როგორც ისტორიული წყაროები მოწმობს, ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან მოდის – ბერძნებს კრონოსის, ხოლო რომაელებს სატურნალიების დღესასწაულზე ჰქონდათ ჩვეულება, ტკბილი ღვეზელები გამოეცხოთ შიგნით ჩამალული მონეტით. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი ეს ჩვეულება წმინდა ბასილის პატივისცემას დაუკავშირდა და დღემდე განსაკუთრებული როლით შემორჩა ბერძნულ კულტურას.

ლეგენდა, რომელმაც ვასილოპიტას სიმბოლური ძალა შესძინა, მოგვითხრობს კესარიის ეპისკოპოს წმინდა ბასილი დიდზე, რომელმაც ქალაქის დასაცავად შეძლებულ მოქალაქეებს ოქროს შეგროვება სთხოვა, რათა მომხდურისგან გამოესყიდა ქალაქის ხელშეუხებლობა. მტერმა ამის გარეშეც სასწაულებრივად დაიხია უკან, ძვირფასეულობა კი უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა არავინ იცოდა, ვის რა ეკუთვნოდა. ბასილმა გამოსავალი იპოვა – ქალაქელმა კულინარებმა პატარა ტკბილი ნამცხვრები გამოაცხვეს და თითოეულში ოქროს მონეტა ან ძვირფასი ნივთი ჩადეს, შემდეგ კი ისინი მოსახლეობას დაურიგეს დილის ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ. სწორედ ამ ამბავმა დაუდო სათავე ტრადიციას, რომელიც ბერძნულ ოჯახებში უკვე საუკუნეების განმავლობაში უცვლელია და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახის უფროსი ვასილოპიტას სამჯერ გადასახავს ჯვარს დანით და სამკუთხა ნაჭრებად ჭრის. პირველი ნაჭერი სახლს ან ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმინდა ბასილს ეძღვნება. შემდეგ – ოჯახის წევრებს ასაკობრივი რიგით. თუ ვინმე რაიმე მიზეზით ვერ ესწრება სადღესასწაულო სუფრას, მისთვის მაინც გამოყოფენ ნაჭერს. ითვლება, რომ ვის კუთვნილ ნაჭერშიც მონეტა აღმოჩნდება, მას მთელი მომავალი წლის განმავლობაში იღბალი და წარმატება ელოდება.

ზოგი მონეტას წინასწარ ზუმფარის ქაღალდში (ე. წ. ფოლგა) ახვევს და გამოსაცხობად მომზადებულ ცომში ათავსებს, ზოგი კი გამოცხობის შემდეგ დებს ძირიდან. თქვენ რომელ ვერსიას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია.

როგორ მზადდება კლასიკური ბერძნული ვასილოპიტა

ეს ვერსია უსაფუვროა, ფორთოხლის წვენზე მომზადებული, მსუბუქი და საოცრად არომატული. ცხობისას მთელ სახლში დგება ვანილის, დარიჩინისა და ფორთოხლის ცედრის სურნელი – ნამდვილი საახალწლო არომათერაპია!

ინგრედიენტები (სასურველია, ოთახის ტემპერატურის)

  • კარაქი – 250 გ
  • კვერცხი – 4 ც.
  • შაქარი – 300 გ
  • ფორთოხლის წვენი – 125 მლ (დაახლოებით ამდენი წვენი გამოდის ერთი დიდი ფორთოხლიდან)
  • ფორთოხლის ცედრა – 1 ფორთოხლის (გახეხილი, შიდა თეთრი კანები მოაშორეთ)
  • ვანილი – 1 გ, ან რამდენიმე წვეთი; თუ შაქრის ფხვნილთან ერთადაა – ერთი პაკეტი
  • დარიჩინი – 1 ჩ.კ. (თუ დარიჩინის გემო არ გიყვართ, ან დანის წვერით უყავით, ან საერთოდ ნუ გამოიყენებთ, თუმცა დარიჩინი ძალიან სასარგებლოა, ზოგადად).
  • რძე – 125 მლ
  • ფქვილი – 400 გ (ჩაყრამდე გამაფხვიერებელი შეურიეთ და გაცერით, რომ ცომს ჰაერი შეჰყვეს და კარგად ამოფუვდეს)
  • გამაფხვიერებელი – 1,5 ჩ.კ.
  • შაქრის პუდრი – 2-3 ს.კ.

მომზადების წესი

მომზადების პროცესი მარტივია და ახალბედა „კულინარებსაც“ არ გაუჭირდებათ.

  • დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ათქვიფეთ კრემოვანი მასის მიღებამდე;
  • კვერცხები სათითაოდ შეათქვიფეთ;
  • არ შეწყვიტოთ თქვეფა და ჩაასხით ფორთოხლის წვენი და რძე;
  • დაუმატეთ ცედრა, ვანილი და დარიჩინი;
  • ბოლოს ჩაყარეთ გამაფხვიერებელთან ერთად გაცრილი ფქვილი და ფრთხილად მოურიეთ ხის ან სილიკონის ნიჩბით, ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თუმცა დიდხანს რევა არ უნდა.
  • მოათავსეთ ცხიმწასმულ და საცხობქაღალდჩაფენილ ფორმაში (გვერდებზე ცხიმის წასმა არ სჭირდება). შეგიძლიათ აიღოთ 22-24 სმ-იანი ფორმა.
  • გამოაცხვეთ 180-190°C ტემპერატურაზე 40–50 წუთი;
  • გამოიღეთ ჰაერღუმლიდან, ამოიღეთ ფორმიდან და შეაგრილეთ;
  • გაცივებულ ნამცხვარს უხვად მოაყარეთ შაქრის პუდრი.

💰 არ დაგავიწყდეთ ცომში მონეტის მოთავსება!

ვინც ვასილოპიტას პირველად გასინჯავს, აუცილებლად აღიარებს: ეს დესერტი მხოლოდ ჩვეულებრივი საახალწლო ნამცხვარი არაა – ესაა ტრადიცია, რომელსაც ოჯახში ახალი წლის კეთილი ენერგია შემოაქვს. მოამზადეთ ფინჯანი ჩაი ან ყავა და დატკბით ამ ნოტიო, ფაფუკი და საოცრად არომატული საახალწლო დესერტით.

კირა კარიაული

დაკავშირებულ თემაზე: ერთ კვირაში მინუს 4 კგ დიეტის გარეშე

დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close