მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიება გაიმართა

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნასთან და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვისკონტების სასახლეში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
„ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კიდევ ერთი აქტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მილანის მერი ჯუზეპე სალა, მილანის პრეფექტი კლაუდიო სგარალია და ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი მარკო ალპარონე.
კახა კალაძის თქმით, საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს. „მილანი არის ქალაქი, რომელმაც კახა კალაძის ყველა ოცნება რეალობად აქცია“, – აღნიშნა მან.
„თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიებაზე მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, რომელმაც საქართველოსა და იტალიის მეგობრობასაც გაუსვა ხაზი.
ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა მარკო ალპარონემ კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ახლო და მჭიდრო ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროში და ნებისმიერი კუთხით.
ვისკონტების სასახლეში საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მილანში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას 2023 წლიდან ნატალია კორძაია იკავებს.
საკონსულო ჩრდილოეთ იტალიის 8 რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ემსახურება.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართია:
იტალიის ქალაქ ბარიში კი საქართველოს გენერალური საკონსულო 2020 წელს გაიხსნა.
იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
დაკავშირებულ თემაზე: „როგორ გაიარა იტალიაში დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა ელჩმა რომის პაპის ყოფილ სასახლეში სულხან-საბას ნაკვალევზე“
კომენტარები