ევროვიზია 2025-ის დაწყებამდე იტალიის წარმომადგენელმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა – ვინ შეცვლის მას (ვიდეო)

იტალიაში ცოტა ხნის წინ სან-რემოს ფესტივალი გაიმართა, რომლის გამარჯვებული ტრადიციულად ევროვიზიაზე ქვეყნის წარმომადგენლობის უფლებას იღებს. წელს მომღერალ Olly-ს ჰქონდა ასეთი შესაძლებლობა, როგორც სან-რემოს ფესტივალის გამარჯვებულს, მაგრამ მან მოულოდნელად უარი თქვა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე.
მომღერალმა გადაწყვეტილების მიზეზი თავის ინსტაგრამ-გვერდზე გაამხილა. ირკვევა, რომ მისი საკონცერტო ტურნე კონკურსის დღეებს ემთხვევა და მას არჩევანის გაკეთება მოუწია. რადგან კონცერტებზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია, არტისტმა უარი თქვა ევროვიზიაზე და თავის შემცვლელს წარმატებები უსურვა.
View this post on Instagram
ამრიგად, Olly-ს მაგივრად ევროვიზია 2025-ზე იტალიას სან-რემოზე მეორე ადგილლზე გასული ლუჩიო კორსი (Lucio Corsi) წარადგენს სიმღერით Volevo Essere Un Duro.
საქართველოს სახელით ვინ გამოვა წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ჯერ გარკვეული არ არის. საზოგადოება აქტიურად გულშემატკივრობს ქართველ მომღერალ ბარბარა სამხარაძეს. მსმენელის ფავორიტია, ასევე, ნინი ბრეგვაძე, სასცენო სახელით ნინი აირისი. მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი ევროვიზია 2025-ში მონაწილეობის კანდიდატად ქართველ მომღერალ თათია კობალაძეს განიხილავს:
„ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე. იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის, ან ნაკლებად, არა, დღეს ყველა კარგად მღერის! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი. სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ, სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!
სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ რომც არ იყოს, მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს, რომ კიბო განაჩენი არ არის. სიმღერაც ამაზე გვაქვს და, ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შემთხვევა და იმედია იმ ადამიანებისთვის, ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია! თქვენ რას იტყვით, მეგობრებო? თათიას აქვს ის ენერგია, რომ წარმატება მოგვიტანოს!“ – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 (პირველი და მეორე ნახევარფინალები) და 17 მაისს (ფინალი) შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები