ავიაკატასტროფა აშშ-ში – 40 ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს, ნაპოვნია „შავი ყუთები“
ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავიაკატასტროფის რაიონში, მდინარე პოტომაკში მაშველებმა სამგზავრო თვითმფრინავის ორივე საბორტო თვითჩამწერი, ე. წ. „შავი ყუთები“ იპოვეს – პილოტების კაბინის ხმის თვითჩამწერი და ფრენის მონაცემების რეგისტრატორი. ამის შესახებ ინფორმაციას, შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით, ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ნაპოვნი „შავი ყუთები“ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში გადაიტანეს, რომელიც ავარიას იკვლევს. მათი მონაცემების გაშიფვრა გამომძიებლებს კატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარება. საბჭოს დაპირებით, წინასწარი შედეგები ერთ თვეში გამოქვეყნდება.
მაღალჩინოსანთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა უკავშირდებოდეს საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერების ნაკლებობას. The New York Times-ის ცნობით, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ საჰაერო მოძრაობის კონტროლის პერსონალი აეროპორტში, სადაც თვითმფრინავი დაეშვა, „არ იყო ნორმალური დღის მონაკვეთისა და მოძრაობის მოცულობის გათვალისწინებით“. პერსონალის ნაკლებობის გამო ერთი დისპეტჩერი აკონტროლებდა თვითმფრინავსაც და კოორდინაციას უწევდა ვერტმფრენის მოძრაობასაც, რასაც, ჩვეულებრივ, ორი ადამიანი აკეთებს.
29 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მომხდარ საბედისწერო შეჯახებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, სხვა თვითმფრინავმა, რომელიც ჩვეულ რეისს ასრულებდა, რეიგანს აეროპორტთან მიახლოებისას პირველი დაშვება შეწყვიტა და იძულებული გახდა მეორე წრეზე წასულიყო იმის გამო, რომ მისი ფრენის ტრაექტორიის ახლოს ვერტმფრენი მიფრინავდა. ამის შესახებ CNN-მა გაარკვია ფრენის მონაცემების ჩანაწერების გადამოწმების შემდეგ. სულ მცირე, კიდევ ორმა მფრინავმა ბოლო სამი წლის განმავლობაში განაცხადა, რომ აეროპორტში დაშვებისას ვერტმფრენები მათ სიახლოვეს მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლითაც მომხდარში ადანაშაულებს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მრავალფეროვნების (ინკლუზიურობა) პოლიტიკას, ისევე როგორც წინამორბედ პრეზიდენტებს – ჯო ბაიდენს და ბარაკ ობამას. ტრამპის აზრით, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლების სტანდარტები ძალიან რბილი იყო, წერს The New York Times-ი.
როდესაც ამერიკის პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა აძლევს მას ამის მტკიცების საფუძველს, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „საღი აზრი“.
შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონის რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტთან სიახლოვეს 29 იანვარს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 სთ-სა და 47 წუთზე, სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა ერთმანეთს. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავი, რომელიც სამ ნაწილად დაიშალა, და ვერტმფრენი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ტელეკომპანიები CBS-ი და CNN-ი სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სამძებრო ოპერაციისას უკვე ნაპოვნია, სულ ცოტა, 40 ცხედარი. მაშველებმა მუშაობა 30 იანვარს, დაღამების შემდეგ დროებით შეწყვიტეს და დილით ისევ განაახლეს. მათ ცუდი მეტეოროლოგიური პირობები და გაყინული წყალი უშლით ხელს. იმედი, რომ 67 ადამიანიდან ვინმე შესაძლოა გადარჩენილი იყოს, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.
დაღუპულ მგზავრთა შორის იყვნენ რუსი მოციგურავეები, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონები, ევენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი. ისინი 2017 წლიდან ბოსტონის კლუბში მუშაობდნენ მწვრთნელებად. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათთან ერთად უნდა ყოფილიყო მათი ვაჟიც – მაქსიმ ნაუმოვი, რომელიც ბოსტონის კლუბში გამოდის, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცი 27 იანვარს გამოფრინდა უიჩიტიდან. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსულ მხარესთან კომუნიკაციაშია ავიაკატასტროფის დროს დაღუპული რუსეთის მოქალაქეების გადასვენების საკითხთან დაკავშირებით.
ნინო ხოშტარია
ავიაკატასტროფა ვაშინგტონში – ამ დროისთვის ნაპოვნია 28 ადამიანის ცხედარი (ვიდეო)
კომენტარები