საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა – კიბერუსაფრთხოების ექსპერტები
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა – ამის შესახებ გამოცემა Cybernews-ი წერს.
ინფორმაცია განთავსებული იყო მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმა Elasticsearch-ზე, სერვერზე, რომელსაც ფლობს კლაუდ სერვისის (Cloud Service Priveder) გერმანული პროვაიდერი. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით გახდა ხელმისაწვდომი.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, ხოლო გამჟღავნებულ ჩანაწერთა რაოდენობა ამ რიცხვს რამდენიმე მილიონით აღემატება, აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში შესაძლოა, გარდაცვლილი ქართველი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ან კონკრეტული ადამიანების პერსონალური მონაცემების განმეორებითი ჩანაწერები ყოფილიყო.
ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად მონაცემებს შეიცავდა, ხოლო მეორე – პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს.
ბაზა შეიცავდა ისეთ სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა მოქალაქეთა პირადი ნომრები, სრული სახელები და გვარები, დაბადების თარიღები, გენდერი, ტელეფონის ნომრები და სხვა. ყოველივე ეს საქართველოს მოქალაქეებს იდენტობის ქურდობის, ე. წ. ფიშინგისა და სხვა საფრთხეების წინაშე აყენებდა.
ბაზა კიბერუსაფრთხოების კონსულტირების პლატფორმა SecurityDiscovery-მა აღმოაჩინა.
„როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა ან გაერთიანდა მრავალი წყაროდან, მათ შორის, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების იდენტიფიკაციის სერვისებიდან“. – თქვა პლატფორმა SecurityDiscovery-ს კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა ბობ დიაჩენკომ.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ვინ განკარგავდა ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებს, არაა ცნობილი.
დარღვევის აღმოჩენიდან მალევე სერვერი გაითიშა, ხოლო მონაცემების ხელმისაწვდომობა შეიზღუდა.
მანანა ბანძელაძე
დაკავშირებულ თემაზე: ინტერნეტი და პირადი სივრცე – როდის არღვევთ ადამიანის უფლებებს და რა გემუქრებათ ასეთ შემთხვევაში?
კომენტარები