თებერვალში პლანეტების დიდი აღლუმი გველოდება – ეს უნიკალური ფენომენი შეიძლება ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდეს
ამჯერად პლანეტების აღლუმში ვენერაც „მონაწილეობს“
2025 წლის ზამთრის ბოლო დღეს, 28 თებერვალს უნიკალური ასტრონომიული ფენომენი გველოდება – პლანეტების დიდი (სრული) აღლუმი, როდესაც მზის სისტემის შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება.
ექვსი პლანეტა – ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი – ღამით ცაზე უკვე მოჩანს. თებერვლის ბოლოს კი მათ მერკურიც შეუერთდება. ოთხი მათგანი – მერკური, ვენერა, იუპიტერი და მარსი – ადვილად შესამჩნევი იქნება შეუიარაღებელი თვალითაც. ურანისა და ნეპტუნის დასაკვირვებლად კი ბინოკლები ან პატარა ტელესკოპი იქნება საჭირო. ყველაზე კარგად პლანეტების „დიდი აღლუმის“ დანახვა საღამოს, მზის ჩასვლისთანავე იქნება შესაძლებელი.
პლანეტების აღლუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო ასტრონომიაში, არამედ ასტროლოგიაშიც.
ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ კოსმოსი მზადაა ჩვენს დასახმარებლად და გვირჩევენ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ ახალი ცხოვრებისკენ!
თითოეულ პლანეტას თავისი ენერგეტიკა აქვს და ის ადამიანზე თავისებურად მოქმედებს. როდესაც ყველა მნიშვნელოვანი პლანეტა ერთ რიგში აღმოჩნდება, ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულ ენერგეტიკულ ნაკადს გზავნიან. ასეთ პერიოდებში არსებობს შესაძლებლობა, რომ საფუძვლიანად შევცვალოთ ჩვენი ბედი.
მოგეხსენებათ, სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება და მას საკუთარი გამოვლინების სფეროები აქვს. ამიტომ თითოეული სახლის „არსენალში“, როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. ამჯერად გაგვიმართლა – ნიშნების მმართველები გაივლიან ბედნიერებისა და კეთილდღეობის სახლებს, რომლებსაც შეუძლიათ ბედნიერება, სიმდიდრე და სიყვარული მოუტანონ ზოდიაქოს ყველა წარმომადგენელს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტი არ გამოგვრჩეს!
მოუსმინეთ საკუთარ თავს და მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას!
ბონუსად კი, პლანეტების შერეული ენერგეტიკა კრეატიული იდეებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
ასტროლოგების ზოგადი რჩევები ამ მოვლენის ნეგატიური გავლენისგან თავდასაცავად
- პლანეტების აღლუმის პერიოდში მოსალოდნელია განწყობის ხშირი და მკვეთრი ცვლა. მხიარულება უცბად შეიძლება შეიცვალოს სევდით, აღფრთოვანება – აპათიით. ამის გამო არ ინერვიულოთ, თუ გაქვთ საშუალება, ეცადეთ დაისვენოთ.
- მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილები, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა. აქედან გამომდინარე, მოიმარაგეთ შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები, მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას.
- ასეთ პერიოდებში მწვავდება ადამიანური ვნებები. სწორედ ამ დღეებში შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ რას წარმოადგენს.
- ამ დღეებში გამძაფრდება როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიურო ემოციები. ასტროლოგების რჩევაა, არ გამოვამჟღავნოთ აგრესია, წყენა და არ ჩავებათ კონფლიქტებში.
მანანა ბანძელაძე
p. s. იმისათვის, რომ ადვილად იპოვოთ ცაზე ყველა პლანეტა, გამოიყენეთ უფასო აპლიკაცია Sky Tonight. მის გამოყენებას დიდი ასტრონომიული ცოდნა არ სჭირდება, იდეალურია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი დამკვირვებლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ასტრონომიული ფენომენი, როდესაც დედამიწიდან რამდენიმე პლანეტა ცაზე ერთ ხაზზე ჩამწკრივებული ჩანს, გასული წლის ივნისშიც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ 6 პლანეტა ჩანდა მწკრივში, აღლუმში ვენერა „არ მონაწილეობდა“.
კომენტარები