„ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით…“ – კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. მან გამოსამშვიდობებელი ვიდეო თავის ოფიციალურ fFB გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოში ჩანს, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ მარადონას სახელობის სტადიონზე მივიდა ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად.
„ამ სტადიონზე, როგორც „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც ყველაზე მთავარია, ის ნანატრი „სკუდეტო“ და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა…“ – ამბობს ხვიჩა ვიდეოში. „ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით“, – ჰპირდება „ნაპოლის“ აწ უკვე ყოფილი ქართველი ვარსკვლავი გულშემატკივრებს.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბ „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. გუნდის 77-ნომრიანი მაისურით 107 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. გასულ, 2022-2023 წლების. სეზონზე ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად უკვე პარიზული ტოპგუნდის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია და გავრცელებული ინფრმაციით, მის შემადგენლობაში პირველად 25 იანვარს (თბილისის დროით – 26 იანვარს) ითამაშებს „რეიმსთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში. ხვიჩა „პსჟ“-ში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს, რომელიც კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, „ვაკანტურია“.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: კონტრაქტი გაფორმებულია – ხვიჩა კვარაცხელია პარიზულმა გრანდმა PSG-მ შეიძინა
კომენტარები